კახა კუკავა დედაქალაქის წარმოდგენილ ბიუჯეტს არ ეთანხმება
ხვალ დედაქალაქის საკრებულო თბილისის 2013 წლის ბიუჯეტის პროექტს დამტკიცებს.
პარტია "თავისუფალი საქართველოს" თავმჯდომარე და დედაქალაქის საკრებულოს წევრი კახა კუკავა ბიუჯეტის წარმოდგენილ პროექტს არ ეთანხმება. მან შენიშვნები "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე დაწერა, რომელსაც "ივერიონი" უცვლელად გთავაზობთ:
"15 დეკემბერს თბილისის საკრებულო ამტკიცებს დედაქალაქის 2013 წლის ბიუჯეტს. აღსანიშნავია, რომ ბიუჯეტის პროექტში გათვალისწინებულია მრავალი მილიონი ლარი ისეთი პროექტების დაფინანსებისთვის, როგორიცაა: გარეგანათების ბოძებზე ქოთნის ყვავილების მოწყობა; ცენტრალურ მაგისტრალებზე სპეციალური საყვავილე კონსტრუქციების განთავსება; ყვავილების, ბუჩქების და ხე-მცენარეების შესყიდვა და ა.შ.
იმავდროულად, დედაქალაქის ბიუჯეტში არ არის გათვალისწინებული თანხები ისეთი მნიშვნელოვანი სოციალური პროექტებისთვის, როგორიცაა თავშესაფრის გარეშე მყოფი მოქალაქეების დახმარება და თბილისის გარეუბნებში არსებული "გეტოების" პრობლემის მოგვარება. სააკაშვილის მმართველობის წლებში თბილისში რეალურად გაჩნდა ე.წ. მე-13 რაიონი - "გეტოების" ერთობლიობა, სადაც მოსახლეობის უღატაკესი ფენებია შეფარებული. სამარცხვინოა გამწვანებაზე და სპორტული ღონისძიებების დაფინანსებაზე ფიქრი, როცა ათასობით ჩვენს თანამოქალაქეს უწევს არსებობა ელექტროენერგიის, ბუნებრივი აირის, წყლის, გათბობის და საკვების გარეშე.
მივიჩნევთ, რომ გადაუდებელ აუცილებლობას წარმოადგენს, ამ "გეტოების" დროებით საცხოვრებლებად მოწყობა, მანამდე, სანამ ქვეყნის მთავრობა არ მიიღებს რაიმე სხვა გადაწყვეტილებას, რაც საბოლოოდ მოაგვარებს თავშესაფრის გარეშე მყოფთა პრობლემებს.
ამ მიზნით, "თავისუფალი საქართველო" 2013 წლის თბილისის ბიუჯეტში მილიონი ლარის გამოყოფას მოითხოვს".