საქართველოს საპორტო ქალაქების ფოტოები საბერძნეთში გამოიფინება
საქართველოს საპორტო ქალაქების ფოტოები საბერძნეთის ქალაქ თესალონიკში მდებარე ბიზანტიური კულტურის მუზეუმში გამოიფინება. საქართველოს ეროვნული არქივიში აცხადებენ, რომ საერთაშორისო გამოფენა "ეგეოსის, შავი და კასპიის საზღვაო პორტები" ხვალ გაიხსნება.
ინფორმაციას სააგენტო ,,ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს.
ექსპოზიციაზე, სხვადასხვა ქვეყნის საპორტო ქალაქებთან ერთად, წარმოდგენილი იქნება ბათუმის, ფოთისა და სოხუმის ისტორიული ფოტოები, რომელიც საქართველოს ეროვნულ არქივში, დიმიტრი ერმაკოვის ფოტოკოლექციაშია დაცული.
ღონისძიება ევროკავშირის პროექტ "შავი ზღვის აუზის ქვეყნების გაერთიანებული სამოქმედო პროგრამის (2007-2013)" ფარგლებში გაიმართება. ორგანიზატორები არიანA"ბიზანტიური და პოსტბიზანტიური მონუმენტების ევროპული ცენტრი", ცენტრალური მაკედონიის რეგიონის კულტურის ცენტრი და შავ ზღვაზე ბერძნული ცივილიზაციის განვითარების სწავლების ცენტრი.
გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება შემდეგი საპორტო ქალაქების საუკუნისწინანდელი ფოტოები: თესალონკი, კავალა, მარონია, სტამბული, ვარნა, კონსტანტა, ოდესა, ბათუმი, ბაქო, სევასტოპოლო, სოხუმი, ფოთი, სოზოპოლი, თასოსი და სხვ. ექსპოზიციაზე ორგანიზატორები წარმოადგენენ, ასევე, ძველ საფოსტო ბარათებს, გრავიურებსა და რუკებს. გამოფენა ერთ თვეს გაგრძელდება.
გამოფენის გახსნის ცერემონიას საქართველოს ეროვნული არქივის დელეგაცია დაესწრება. გამოფენის გარდა, პროექტით დაგეგმილია ეგეოსის, შავი და კასპიის საზღვაო პორტებთან დაკავშირებული დოკუმენტების ელექტრონული ბაზის შექმნა, 25-წუთიანი დოკუმენტური ფილმის გადაღება, სპეციალური ვებგვერდის შექმნა, გამოცემის მომზადება და კონფერენციებისა და სამუშაო შეხვედრების გამართვა.