დედაქალაქის 2013 წლის ბიუჯეტი დამტკიცებულია
დედაქალაქის საკრებულომ, 29 ხმით ორის წინააღმდეგ, თბილისის 2013 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა.
კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ ფრაქცია „ქართული ოცნებისა“ და „ქრისტიან-დემოკრატების“ წევრებს, რომლებმაც სხდომათა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვეს.
ისინი აცხადებენ, რომ ბიუჯეტის პროექტი კორუფციულია და თბილისის მერის ინტერესებზეა მორგებული.
„ბიუჯეტს მხარი არ დავუჭირეთ, რადგან სოციალური სფეროსთვის მხოლოდ და მხოლოდ 71 ათასი ლარია გამოყოფილი, ხოლო სხვა ხარჯები 110 მლნ ლარს შეადგენს“, - განაცხადა „ქრისტიან-დემოკრატიული“ ფრაქციის თავმჯდომარემ, ზაზა გაბუნიამ.
აღნიშნულ ბრალდებას საკრებულოს უმრავლესობის წევრები არ ეთანხმებიან. მათი თქმით, 2013 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტები მოსახლეობის ინტერესებზეა ორიენტირებული.
მომავალი წლის ფინანსური დოკუმენტი 649 მლნ ლარით განისაზღვრა. ის 39 მლნ ლარითაა შემცირებული.
ბიუჯეტის პროექტი დეპუტატებს თბილისის მერის მოადგილემ, პაპუნა პეტრიაშვილმა წარუდგინა.