დავით სერგეენკო სასწრაფო დახმარების ცენტრის ხელმძღვანელობას შეხვდება
დღეს ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის, "112"-ის ხელმძღვანელობას შეხვდება.
სამინისტროს ინფორმაციით, სამუშაო შეხვედრა თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სისტემაში არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით გაიმართება.
ჯანდაცვის მინისტრი განიხილავს "112"-ის ხელმძღვანელობასთან ერთად ცენტრში არსებულ პრობლემებს, მათ შორის სამედიცინო პერსონალის შრომითი პირობების, ავტოპარკის და ტექნიკური აღჭურვილობის გამართულობასთან დაკავშირებულ საკითხებს.
შეხვედრაზე ერთობლივად დაიგეგმება ღონისძიებები და განისაზღვრება სამოქმედო გეგმა არსებული პრობლემების გადაჭრის მიზნით. პროცესების მუდმივი მონიტორინგისთვის შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ როგორც სამინისტროს, ისე თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ხელმძღვანელობა და თანამშრომლები.
სამინისტროს ინფორმაციით, უახლოეს მომავალში ანალოგიური სამუშაო შეხვედრა რეგიონების სასწრაფო დახმარების ცენტრებისა და ოპერატორი კომპანიების წარმომადგენლებთანაც შედგება.