ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი ლუკა კურტანიძე გახდა

ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი ლუკა კურტანიძე გახდა

15 დეკემბერს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს საკონფერენციო დარბაზში ჭიდაობის ფედერაციის არჩევნები გაიმართა. 16:00 საათზე დაწყებულმა არჩევნებმა 20:00 საათამდე გასტანა და, საბოლოოდ, ლუკა კურტანიძის გამარჯვებით დასრულდა. 110 დელეგატიდან არჩევნებზე 103 გამოცხადდა, საიდანაც 58 ხმა ლუკა კურტანიძემ მიიღო, ხოლო 45 - გეგა გეგეშიძემ. მომდევო 4 წლის განმავლობაში ჭიდაობის ფედერაციას ლუკა კურტანიძე უხელმძღვანელებს.

 

ვიცე-პრეზიდენტად თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა კვოტით 54 ხმით დიმიტრი გელაშვილი აირჩიეს, ხოლო ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა კვოტა, 67 ხმით, თემურ ყაზარაშვილს შეხვდა. 87 ხმით სათათბიროს კვოტა ვიცე-პრეზიდენტობის მსურველ ედიშერ მაჩაიძეს ერგო.

 

გენერალური მდივნის პოსტისთვის ბრძოლა ყველაზე დაძაბული გამოდგა -  მალხაზ ჯორბენაძემ გიორგი ლომიძესთან მხოლოდ 1 ხმით წააგო - 47:48. 

არჩევნების დასრულების შემდეგ ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტობის ორივე კანდიდატმა კომენტარი გააკეთა.

 

"მადლობა დელეგატებს მხარდაჭერისთვის და ამ დიდი პასუხისმგებლობის მონიჭებისთვის. ყველა პროფესიონალი დაფასებული იქნება და მათ გამოცდილებას სათანადოდ გამოვიყენებთ. ჭიდაობა გახდება ისეთივე საამაყო, როგორც ადრე იყო. მოჭიდავეები საკუთარი ქვეყნის და ერის სამსახურში ჩადგებიან და მხოლოდ გულშემატკივრის გასახარებლად იბრძოლებენ. კიდევ ერთხელ უდიდესი მადლობა ყველას მხადაჭერისთვის და დაფასებისთვის. მჯერა ერთიანობით ბევრს მივაღწევთ“, - განაცხადა ლუკა კურტანიძემ.

 

"ორი ღირსეული კანდიდატი იყო და საბოლოოდ ისე მოხდა, რომ მე დავმარცხდი. ვულოცავ ლუკას და წარმატებას ვუსურვებ. თუ მისი სურვილი იქნება, მზად ვარ ჭიდაობის სამსახურში ჩავდგე. ახლა მთავარია, რომ ყველამ ერთად გაისად თბილისში გასამართ ევროპირველობაზე ვიფიქროთ და ასეთ დიდ შეჯიბრებას ღირსეულად ვუმასპინძლოთ. ამასთან ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენი ბიჭები ევროპის პირველობაზე დამაჯერებლად გამოვიდნენ", - განაცხადა გეგა გეგეშიძემ.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: