თბილისის მოდის კვირეული დღეს დაიხურება
თბილისის მე-7 მოდის კვირეული დღეს საღამოს დაიხურება. კვირეულის ბოლო დღე "Holiday Inn"-ში თეონა გარდაფხაძის და ლაკო ბუკიას კოლექციის ჩვენებას დაეთმობა.
თავად დიზაინერი, რომელიც ამჟამად ლონდონში მოღვაწეობს, ფაქტობრივად, ბოლო წუთს ჩამოფრინდება თბილისში, რათა ჩვენებამ მის გარეშე არ ჩაიაროს.
თბილისის მოდის კვირეულს დანიაში მოღვაწე ქართველი დიზაინერის, გიორგი შაღაშვილის ჩვენება დახურავს. იგი 70-ზე მეტ კოსტიუმს წარადგენს მაყურებლის წინაშე. სწორედ გიორგი შაღაშვილთანაა დაკავშირებული თბილისის მოდის კვირეულის წარმდგენის, კომპანია „აჭარაბეთის" საახალწლო სიურპრიზი.
დიზაინერის ჩვენების შემდეგ დიდი წვეულება გაიმართება სასტუმრო "Holiday Inn"-ის 22-ე სართულზე, სადაც სტუმრებს საჩუქრად გადაეცემათ გიორგი შაღაშვილის მიერ ექსკლუზიურად შექმნილი „აჭარაბეთის" ლოგოტიპით დაპრინტული ბრენდული, მოდური საჩუქრები.