მაია ფანჯიკიძე BSEC-ის წარმომადგენლებს შეხვდა

მაია ფანჯიკიძე  BSEC-ის  წარმომადგენლებს შეხვდა

სტამბოლში შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს (CMFA) სხდომა გაიმართა. 

 

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს დელეგაციას საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე ხელმძღვანელობდა, რომელმაც დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა. 

 

მინისტრმა ხაზი გაუსვა BSEC-ის როლს რეგიონში ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების საკითხში. მან ყურადღება გაამახვილა სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავების აუცილებლობაზე, რაც წარმატებული რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობის წინაპირობაა.

 

მაია ფანჯიკიძემ აღნიშნა, რომ BSEC-ში არსებული კონფლიქტები და პოლიტიკური უთანხმოებები ხელს უშლის წარმატებული ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებას. 

 

აღნიშნულთან დაკავშირებით, მან იმედი გამოთქვა, რომ BSEC-ი ყურადღებას გაამახვილებს წევრ ქვეყნებს შორის არსებული პოლიტიკური უთანხმოებების გადაწყვეტაზე და შეიმუშავებს აღნიშნულ პრობლემებზე კონსულტაციების ქმედით მექანიზმებს.

 

მინისტრთა საბჭომ განიხილა BSEC-ის სამომავლო ეკონომიკური დღის წესრიგის განახლების შესახებ დოკუმენტის იმპლემენტაციის მიმდინარეობა, სხვადასხვა სამუშაო ჯგუფების საქმიანობა, BSEC დამკვირვებლის სტატუსის განახლებისა და ფინანსური საკითხები, ასევე ორგანიზაციისა და ევროკავშირის თანამშრომლობა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: