ზვიად ქორიძე: ტელევიზია პოლიტიკური "შავი" ფულით არ უნდა ფინანსდებოდეს
სარედაქციო პოლიტიკა არ უნდა იყოს დამოკიდებული ვიღაცის კეთილ ნებაზე და მის პოლიტიკურ ფულზე. ამის შესახებ "პრაიმ-ტაიმის" პრესკლუბში მედიაექსპერტმა ზვიად ქორიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
ქორიძის განმარტებით, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო არის პოლიტიკური ინსტრუმენტი, რომელმაც გენერალური დირექტორის მოხსნით თვითონ აირიდა პასუხისმგებლობა.
"როგორც ჩემთვის არის ცნობილი, გია ჭანთურიას გადადგომის რეალური მიზეზი სათანადოდ არ განუმარტავს, ის წასვლას არ აპირებდა", _ ამბობს მედიაექსპერტი.
მისივი თქმით, საბჭო იღებს ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს, უნდა შეიცვალოს მიდგომა და ისინი შევიდნენ საზოგადოებასთან კონტაქტში.
ასევე მედია ექსპერტს მიზანშეწონილად ესახება როგორც სამეურვეო საბჭოს წევრების რაოდენობის, ისე ხედვის შეცვლა. მისი განცხადებით, შეუძლებელია სარედაქციო დამოუკიდებლობასა და ფინანსურ გამჭვირვალობაზე საუბარი მაშინ, როცა არხს 8 მილიონამდე ვალი აქვს.
"ამ მხრივ მიმდინარეობს მუშაობა და მზადაა მედიის ფინანსური გამჭვირვალობის კანონპროექტი, რომელსაც უახლოეს მომავალში განიხილავენ", _ აცხადებს ზვიად ქორიძე.
რაც შეეხება საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის თანამდებობას, 30-მა კანდიდატმა სურვილი უკვე გამოთქვა, განსხვავებით მედიაექსპერტ ზვიად ქორიძისგან. მას არც სასურველი კანდიდატი ჰყავს შერჩეული.
როგორც ქორიძე აცხადებს, არხს კარგად გაუძღვება ის მენეჯერი, რომელსაც გამართული საზოგადოებრივი მაუწყებელი დახვდება, ასეთი მენეჯერები კი ბევრია. ცუდი მენეჯმენტის პირობებში კი, სამეურვეო საბჭოც უმოქმედოა.
როგორც ცნობილია, საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა გია ჭანტურიამ გასულ კვირას თანამდებობა დატოვა.