დევნილები ისევ დევნილებად იქცნენ

დევნილები ისევ დევნილებად იქცნენ

დღეს თითქმის სრულად დაიწვა გორის ცენტრში მდებარე გორის მე-12 საბავშვო ბაღი, სადაც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ დევნილი მოსახლეობა ცხოვრობდა. ამ ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.

 

ცეცხლი შუადღის 2 საათზე ერთ-ერთი ოთახში გაჩნდა, საიდანაც ალი სახურავზე გადავიდა და მთელ შენობას მოედო. ადგილზე მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელები, საბავშვო ბაღის გამგე და სხვა ოფიციალური პირები მივიდნენ. ცეცხლის ჩაქრობა დროულად ვერ მოხერხდა და მისი ლოკალიზება 5 საათამდე გაგრძელდა.

 

სავარაუდოდ, მსხვერპლი არ არის. ოთახი, სადაც ცეცხლი პირველად გაჩნდა, ჯუნა დოიჯაშვილი ცხოვრობდა. მეზობლები ამბობენ, რომ მის ოთახში არავინ იმყოფებოდა და კარები დაკეტილი იყო.

 

ადგილობრივ ადმინისტრაციასთან შეთანხმებით, გორის საბავშვო ბაღის შენობაში მცხოვრებ დევნილ მოსახლეობას, რომლებიც ხანძრის შედეგად დაზარალდნენ, დევნილთა სამინისტრო დროებით ყოფილი სამხედრო პოლიციის ადმინისტრაციულ შენობაში გადაიყვანს.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: