უხუცესთა საბჭო თუ სპეცსამსახურის დანამატი?
პანკისის ხეობაში უხუცესთა საბჭო შეიქმნა. საბჭოს თავმჯდომარედ დუისის მკვიდრი, 83 წლის სოსო ქავთარაშვილი აირჩიეს. საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობაზე სხვა კანდიდატურებიც განიხილებოდა, რომლებსაც შს სამინისტროს ანტიტერორისტული ცენტრის თანამშრომლები და ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები ლობირებდნენ.
ამ ინფორმაციას კახეთის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, სწორედ მათ უმრავლესობას შეხვდა შს მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი რამდენიმე დღის წინ, პანკისის ხეობაში სტუმრობისას.
პანკისის ხეობაში უხუცესთა საბჭო ფორმალურად არსებობდა, თუმცა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში არ ფუნქციონირებდა. ხეობაში ყველა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას ე.წ. პანკისის ჯამაათის ხელმძღვანელები იღებდნენ, თუმცა ამ გადაწყვეტილებას ხეობაში მცხოვრები ტრადიციული ისლამის მიმდევრები არ იზიარებდნენ. პანკისის ჯამაათს, ძირითადად, ე.წ. ვაჰაბიტები მართავენ. მათგან რამდენიმეს ახლო ურთიერთობები აქვს შს სამინისტროს ანტიტერორისტული ცენტრის ხელმძღვანელობასთან.