რას ჰპირდება დავით კირვალიძე ინვესტორებს და რა ჩამოიტანა მსოფლიო ბანკიდან?
სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით კირვალიძემ 11-15 დეკემბერს აშშ-ში სამუშაო ვიზიტი შეაჯამა.
ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები ჰქონდა ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტში, სოფლის მეურნეობის დეპარტამენტსა და მსოფლიო ბანკში.
"ამერიკული მხარიდან ინტერესი ძალიან დიდი იყო. აშშ რჩება სტრატეგიულ პარტნიორად სოფლის მეურნეობის დარგში, ძირითად დონორად და მხარდამჭერად. ჩვენი მესიჯი იყო ის, რომ საქართველოს მთავრობა აპირებს ყოველგვარი წინაპირობის შექმნას ინვესტორებისთვის, რათა მათ განავითარონ ბიზნესი საქართველოში, ქვეყნისა და მისი მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით", - განაცხადა კირვალიძემ.
კირვალიძის თქმით, მსოფლიო ბანკში შეხვედრისას განიხილეს სოფლის მეურნეობისა და რეგიონული განვითარების პროექტის მომზადების პროცესი და განხორციელების სქემა. მინისტრის ცნობით, განიხილეს საირიგაციო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის საკითხიც. მისი ინფორმაციით , საირიგაციო სისტემების განვითარებისთვის მსოფლიო ბანკი 30-50-მილიონიანი პროექტის განხორციელებას გეგმავს.