ევროატლანტიკური სტრუქტურებისკენ გზა კოჰაბიტაციაზე გადის
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სტრასბურგში ევროსაბჭოს გენერალურ მდივანს ტორბიორნ იაგლანდტს შეხვდა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილმა და ტორბიორნ იაგლანდტმა საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები და განხორციელებული რეფორმები განიხილეს.
საქართველოს პრეზიდენტთან საუბრისას, ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმა საქართველოში გამართული საპარლამენტო არჩევნები შეაფასა და მას დემოკრატიული და სამართლიანი უწოდა.
მან კოჰაბიტაციის აუცილებლობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ქვეყნის ინტეგრაციის გზაზე ამ პროცესს უდიდესი მნიშვნელობა აქვს.
შეხვედრისას, მათ იმ პროგრესის გაგრძელების აუცილებლობაზე გაამახვილეს ყურადღება, რომელსაც ბოლო წლების განმავლობაში ქვეყანამ ამ მიმართულებით მიაღწია.
საქართველოს პრეზიდენტმა და ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმა კიდევ ერთხელ გამოთქვეს სურვილი, რომ ევროსაბჭოს როლი საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებსა და ევროინტეგრაციის პროცესში კიდევ უფრო გააქტიურდეს.
შეხვედრის ერთ-ერთი ძირითადი თემა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტში საერთაშორისო საზოგადოების ჩართულობის მნიშვნელობა იყო.