გია ნოდია: არ გამოვრიცხავ, „ქართული ოცნების“ მაღალი რეიტინგი შეიცვალოს
ექსპერტი გია ნოდია არ გამორიცხავს, რომ ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევებში ასახული „ქართული ოცნების“ მაღალი რეიტინგი თანდათანობით შეიცვალოს.
როგორც მან „ივერიონთან“ საუბრისას აღნიშნა, NDI კვლევის შედეგებს „ნაციონალური მოძრაობის“ სასარგებლოდ არ აქვეყნებდა.
მისი თქმით, თუ NDI ცუდია, „ნაცმოძრაობა“ უყვარს და „ქართული ოცნება“ არა, მსგავს რეიტინგებს ახლა არ გამოაქვეყნებდა.
„უბრალოდ, ხალხის განწყობა შეიცვალა. რატომ შეიცვალა, ამაზე შეიძლება ვიდაოთ, მაგრამ ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგაც NDI-ს ჩვეულებრივად ნდობის ძალიან დიდი მანდატი აქვს“, - განაცხადა ნოდიამ.
მისივე თქმით, ვარდების რევოლუციის შემდეგ „ნაციონალური მოძრაობის“ რეიტინგი ძალიან მაღალი იყო. ასევე, ერთი პერიოდი შევარდნაძის და ზვიად გამსახურდიას რეიტინგიც იყო ძალიან მაღალი, ამიტომ ამაში გასაკვირი არაფერია.
„ქართული ოცნების“ მაღალი რეიტინგი თავიდან ბუნებრივია, მაგრამ თანდათანობით შეიძლება, შეიცვალოს. ამის ვარაუდის საფუძველი ნამდვილად გვაქვს“, - განაცხადა გია ნოდიამ.
ამასთან, ესპერტმა პრეზიდენტის მიერ პრემიერის შეცვლის საკონსტიტუციო უფლებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე მსგავსი ცვლილების საფუძველს ვერ ხედავს.
„პოლიტიკური სიტუაციის ცვლილებას, რის გამოც პრეზიდენტმა ასეთი რამ შეიძლება გააკეთოს, ვერ ვხედავ. ამ ეტაპზე ეს არარეალურია. პრეზიდენტს შეეძლო, საკონსტიტუციო უფლება-მოსილებები გამოეყენებინა. ჩემი აზრით, ეს იყო ძალიან სწორი ქვეყნისთვის, პირადად მისთვის და „ნაციონალური მოძრაობისთვის“, - განაცხადა გია ნოდიამ.
მისივე თქმით, ჯერჯერობით არანაირი ვარაუდი არ არსებობს იმისა, რომ პრეზიდენტმა თავისი პოლიტიკა შეცვალოს.
ლელა ცინცაძე