მაყვალა გონაშვილი: ბატონო ბიძინა, გთხოვთ, წინა ხელისუფლებას ნუ დაემსგავსებით!

მაყვალა გონაშვილი:  ბატონო ბიძინა, გთხოვთ, წინა ხელისუფლებას ნუ დაემსგავსებით!

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის ვაკანტურ თანამდებობაზე ქართული ინტელიგენციის ნაწილს საკუთარი კანდიდატურა ჰყავს. გიორგი ჟორჟოლიანის ღირსებებზე, მედიასივრცეში არსებულ ვითარებასა და ახალი ხელისუფლებისადმი გაჩენილ მოლოდინებზე ,,ივერიონს“ მწერალთა კავშირის თავმჯდომარე ესაუბრა.


მაყვალა გონაშვილი მაუწყებლის ხელმძრვანელის პოლიტიზირების საშიშროებაზე საუბრობს და აცხადებს, რომ მედიასივრცე აუცილებლად თავისუფალი უნდა იყოს. პოეტი ახალი ხელისუფლების და ქართული საზოგადოების დაშორებაზე წუხს და პრემიერ-მინისტრს ბიძინა ივანიშვილს განსაკუთრებული თხოვნით მიმართავს.

- გიორგი ჟორჟოლიანს ვიცნობ, როგორც ძალიან გამოცდილ ჟურნალისტს, ადამიანს, რომელმაც წლების განმავლობაში საკუთარი საქმიანობით დაამტკიცა, რომ შეუძლია იყოს კარგი ხელმძღვანელი. მას ნამდვილად შესწევს უნარი, იდეალური ურთიერთობა დაამყაროს საზოგადოებასთან. ყველა ტელევიზია და განსაკუთრებით საზოგადოებრივი მაუწყებელი, რომელსაც ყველაზე მეტად უნდა გაეტარებინა საზოგადოებრივი ინტერესი, დღემდე ჩაკეტილი სივრცე იყო. ადრეც დავწერე და ახლაც ვიმეორებ, საქართველოში ყველაფერი კლანური მმართველობის ხასიათს ატარებდა.  ყველაფერი კონკრეტული ჯგუფის ხელში იყო. ეს ჩაკეტილი  სივრცე საზოგადოებისთვის უნდა გაიხსნას. სახელისუფლებო და ოპოზიციური ტელევიზიები ყოველთვის არსებობდა, რაც ყველაზე მეტად აკლდათ მედიასაშუალებებს - ეს ეროვნულობა გახლდათ. ტერმინი - ,,ეროვნული“ ბოლო რიგში გადავიდა და ძველმოდური ელფერიც კი მიიღო. საზოგადოებრივ მაუწყებელს უნდა დავუბრუნოთ ეროვნულობა. ეს არავითარ შემთხვევაში არ გულისხმობს ეროვნული უმცირესობებისთვი უყურადღებობას, პირიქით, სწორედ მათდამი განსაკუთრებულ ყურადღებასაც ნიშნავს. საქართველოს, როგორც სახელმწიფოს, თავისი არსითა და დამოკიდებულებით დროთა კავშირი ჰქონდა გაწყვეტილი  წარსულთან, აწმყოსა და მომავლთან. ვფიქრობ, ბატონ გიორგის აქვს უნარი, იყოს ხიდი საზოგადოებასთან და ამავდროულად, ამ სამ დროში მცხოვრები ადამიანიც იყოს.


- სამეურვეო საბჭო უცვლელი რჩება. ხომ არ გგონიათ, რომ ეს ხელისშემშლელი ფაქტორი იქნება ახალი ხელმძღვანელისთვის?


- ეს აუცილებლად იქნება ხელის შემშლელი ფაქტორი და ამის არა ერთი მაგალითი გვქონია. როგორც წესი, საქმისადმი ასეთი დამოკიდებულება განხეთქილებებს იწვევს ხოლმე. თუმცა, ვფიქრობ, ძალიან გონიერი ხელმძღვანელი შეძლებს, რომ დასვას სწორი აქცენტები და ოქროს შუალედი იპოვოს. ჟორჟოლიანის გარდა გენდირექტორობის სხვა კანდიდატურებს არ ვიცნობ. მომავალში შეიძლება ისეთმა ადამიანმაც წამოაყენოს კანდიდატურა, რომელიც ჩემთვისაც მისაღები იქნება. თუ ჩავთვლი, რომ სხვა კანდიდატი  უფრო მეტად გათვითცნობიერებულია   ტელევიზიის საქმიანობაში, არ გამოვრიცხავ, რომ მასაც დავუჭირო მხარი.


პირად მაგალითზე გეტყვით. მე მწერალთა კავშირის თავმჯდომარე ვარ და ჩვენთან იყვნენ ადამიანები, ვინც შალვა ნათელაშვილსაც მისცეს ხმა, უმრავლესობამ - ბატონ ბიძინას და ისეთებიც იყვნენ, ვინც ,,ნაციონალური მოძრაობა“ აირჩია. როდესაც მკითხეს: რატომ არ დავდიოდი აქციებზე, ვუთხარი, რომ მე ამის უფლება არ მქონდა, რადგან ორგანიზაციის ხელმძღვანელი ვიყავი. იმის გამო, რომ ჩემს ორგანიზაციაში განსხვავებული იდეოლოგიის ადამიანები შედიან, მათი პატივისცემის გამო, არ მქონდა უფლება, კონკრეტული პარტიის მხარდამჭერი ვყოფილიყავი. სანამ ხელმძღვანელი ხარ, არ გაქვს უფლება, კონკრეტული პოლიტიკური პარტიის სახე იყო. იგივე ვრცელდება საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორზეც.


- ახალი გენდირექტორის პოლიტიზირების საშიშროებას ხედავთ?


- ამის საშიშროება ნამდვილად არის, მე ამას ვხედავ. სამწუხაროდ, ჩვენ გვქონია მსგავსი შემთხვევები. მე ყველა ადგილას მინახავს კარგიც და ცუდიც, რომელზე გამკვირვებია, თუ როგორ იტევს დედამიწა მის უნიჭობას. ჩვენ უნდა ვეძებოთ საუკეთესო, რომელიც საზოგადოების სიყვარულით და პატივისცემით მოეკიდება საქმეს და პირნათლად შეასრულებს მოვალეობას. მედიასივრცე აუცილებლად თავისუფალი უნდა იყოს. უნდა დასრულდეს ის უბედურება, რაც ქვეყანას სჭირდა, ღმერთმა დაიფაროს, რომ იგივე გაგრძელდეს. თუ ერთი კონკრეტული პარტიის წევრი არ იყავი, არც მწერალს, არც მხატვარს და არც ექიმს გასაქანი და პერსპექტივა არ გქონდა. ვხედავ, რომ დღესაც იგივე საშიშროება დგას და ღმერთმა დაგვიფაროს, რომ ეს მოხდეს.


- ფიქრობთ, რომ  ამის საფრთე არსებობს?


- არსებობს, რადგან მე უფრო ხშირად ვხვდები საზოგადოებას, ვიდრე დღევანდელი პარლამეტარები. უკვე არის მათდამი გარკვეული გულისტკივილი, თითქოს ცოტაც და უკან-უკან შეიძლება წავიდეს საქმე. ერთი ფეხის დაცდენა და შეიძლება საქმე ცუდად წავიდეს. ჩვენ ხომ ქართველები ვართ, ასე გვჩვევია და არა მარტო ჩვენ. მსოფლიომ ერთ დღეს რომ დიდებით შეიყვანა ქრისტე იერუსალიმში, მერე არც ეკლის გვირგვინი დაიშურა მისთვის. ეს არის ადამიანების ბუნება და უნდა გაითვალისწინო აუცილებლად, რადგან დამოკიდებულებები საოცრად ცვალებადია.


ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ, იმის მიუხედავად, რომ მათდამი მოლოდინი  ძალიან დიდია, მთავარი აქცენტები ჯერ არ გამოკვეთილა. ისინი კი, ვინც ხელისუფლებაში იყვნენ, თავის დაცვის რეჟიმზე არიან გადასულები. მიმაჩნია, რომ ორივე მხარეს უნდა ჰქონდეს კარგად ჩამოყალიბებული პროექტები და არა ხელის გადაწევა და ჭიდილი. ხელის გადაწევა იმის გასარკვევად, ვინ უფრო ძლიერია, საშიშია. ხელი შეიძლება მსხვრევადი იყოს და ქვეყნისთვის, როგორც სახელმწიფოსთვის, ეს თამაში შეიძლება სახიფათო აღმოჩნდეს. საზოგადოებას აინტერესებს, როგორ ხედავენ საკუთარ თავს ორივე მხარის წარმომადგენლები ქართულ პოლიტიკაში, როგორია მათი გზები  ან მოსასვლელად, ან წასასვლელად, ანდა თავის დასამკვირდებლად?! ამ შემთხვევაში ჩვენი გადამრჩენელი კონკრეტული  პროექტები იქნება. 


- თქვენი აზრით, როგორ შეიძლება ამ საშიშროების თავიდან აცილება?


- არჩევნებამდე ილია ჭავჭავაძის იუბილეზე ვიყავი პეტერბურგში და იქ მკითხეს,  რატომ აქვთ ქართველებს ბიძინა ივანიშვილისადმი ამხელა მოლოდინებიო. ვუპასუხე, რომ ბევრი სიკეთე აქვს გაკეთებული და როგორც კეთილი სულის ადამინისგან, საქართველო ისევ სიკეთეს ელოდება-მეთქი. მინდა, ვთხოვო ბატონ ბიძინას, ყოველდღე, რაც შეიძლება ახლოს იყოს საზოგადოებასთან. ხალხის სიყვარული და აღფრთოვანება მარადიული კოცონი არ არის, ამიტომ ის ყოველდღიურად სიკეთით უნდა კვებო, თორემ ისევე ჩაქრება, როგორც კოცონი. უნდა ითქვას, იმის მიუხედავად, რომ მის გუნდში უამრავი პროფესიონალია, არჩევნებში ქართველმა ხალმა, უპირველესად, მაინც ბატონ ბიძინას დაუჭირეს მხარი.


ვთხოვ, ვევედრები ბატონ ბიძინას, ყოველდღე, ყოველწუთს ხალხთან იყოს. როცა ბიძინა ივანიშვილი მანქანიდან გადმობრძანდება და პირამოკერილ ადამაიანს დაინახავს, ნუ მოიქცევა წინა ხელისუფლების მსგავსად. გაჭირვებულის დანახვაზე ისინი მოჩვენებითად აფქრვევდნენ ცრემლებს. პირამოკერილი ადამიანის დანახვისას, ბატონი ბიძინა უნდა მივიდეს მასთან, წამოაყენოს და იმედისმომცემი სიტყვა უთხრას. ეს არის ჩემი პრინციპული მოთხოვნა თითოეულ პარლამენტარის, ყველა ხელისუფალისადმი.


ესაუბრა ქრისტინე მალანია

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: