რატომ დატოვა თანამდებობა ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმის დირექტორმა?

რატომ დატოვა თანამდებობა ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმის დირექტორმა?

ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმის დირექტორად მუზეუმის ფონდის მცველი მანანა გოდერძაული დაინიშნა.


ინფორმაციას მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.


მუზეუმის თანამშრომლები აცხადებენ, რომ სახლ-მუზეუმის ყოფილმა დირექტორმა თამარ რაზიკაშვილმა თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა.
„თამარ რაზიკაშვილმა და დედამისმა ინფორმაცია გაავრცელეს, თითქოს მათთან ვიღაც მიდიოდა და ემუქრებოდა, მაგრამ ასეთი რამ ჩარგალში გამორიცხულია. ვითომ ამ მუქარის გამო, განცხადება დაწერა და წავიდა. რაც მუზეუმის დირექტორი იყო, არაფერი გაუკეთებია. 29 აგვისტოს ვაჟაობა უნდა ყოფილიყო და წინა დღეს შუქი არ გვქონდა“, - განუცხადა მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრს მუზეუმის თანამშრომელმა მარიამ რაზიკაშვილმა.
 
მისი თქმით, მანანა გოდერძაული მუზეუმის დირექტორად თანამშრომლების მოთხოვნის საფუძველზე დაინიშნა. მას მუზეუმში მუშაობის 25 წლიანი გამოცდილება აქვს.
 
„ჩვენ ისევ ლელა რაზიკაშვილის დაბრუნება გვინდოდა, მაგრამ ლელამ უარი თქვა. ამიტომ მანანა გოდერძაულის დანიშვნა მოვითხოვეთ. 25 წელია ვაჟას მუზეუმის ფონდის მცველია და მუზეუმს კარგად იცნობს“, - აღნიშნა მარიამ რაზიკაშვილმა.
 
შეგახსენებთ, ლელა რაზიკაშვილი მუზეუმის დირექტორობიდან კულტურის მინისტრმა ნიკა რურუამ წინასაარჩევნოდ გაათავისუფლა, რადგან ლელა რაზიკაშვილმა ჩარგალში „ქართული ოცნების“ ლიდერს ბიძინა ივანიშვილს უმასპინძლა. ამის შემდეგ მუზეუმის დირექტორად თამარ რაზიკაშვილი დაინიშნა, რომელიც მუზეუმში მუშაობდა. თამარ რაზიკაშვილი ამბობდა, რომ ლელა რაზიკაშვილის ხელმძღვანელობის დროს მუზეუმი განადგურდა: „თავში ქვა უნდა ვიხალო და უნდა ვეცადო, რომ მოვუარო ამ მუზეუმს. ახალი იდეები მაქვს, პირველ რიგში, უნდა შეიწამლოს ნივთები, არასოდეს არ შეწამლულა, თაგვის წამალი არასოდეს რომ არ დაყრილა, უნდა დაიყაროს, უნდა იყოს სისუფთავე,“ - აცხადებდა 22 აგვისტოს თამარ რაზიკაშვილი.

მაშინ მუზეუმის თანაშრომლები თამარ რაზიკაშვილს დაუპირისპირდნენ. ისინი კულტურის მინისტრისგან მუზეუმის დირექტორად უფრო კომპეტენტური ადამიანის დანიშვნას ითხოვდნენ. მათ პროტესტის ნიშნად მუშაობა შეწყვიტეს, რის გამოც რამდენიმე დღის განმავლობაში სახლ-მუზეუმი დაკეტილი იყო.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: