სოზარ... ისმინე: „კრიტში“ პატიმრები იყინებიან!
ორთაჭალის ციხის ე.წ. „კრიტში“ პატიმრები უმძიმეს მდგომარეობაში არიან და ციხის ადმინისტრაცია მათ ყურადღებას არ აქცევს.
ამის შესახებ „ივერიონს“ ერთ-ერთმა პატიმარმა აცნობა, რომლის ვინაობასაც, მისივე თხოვნით, არ ვამხელთ. მისი თქმით, „კრიტში“ 1200 პატიმარი იმყოფება. ციხე ძალიან გადატვირთულია და 30-კაციან საკნებში 60-70 პატიმარი იმყოფება, ხოლო დიდ საკნებში, რომლებიც 50 კაცზეა გათვლილი, 100-150 პატიმარი ზის. ამის გამო, პატიმრები მოროგეობით იძინებენ. გარდა ამისა, „კრიტის“ ყველა საკანში მინებია ჩამსხვრეული, შიგნით ისე ცივა, როგორც გარეთ. ციხის ადმინისტრაცია თავად არ აპირებს მინების ჩასმას და არც პატიმართა ახლობლებს რთავს ნებას, რომ საკუთარი სახსრებითა და საშუალებით მოაგვარონ ეს პრობლება. პატიმრები უჩივიან „კრიტის“ მთავარ ექიმს, ნანა მაღრაძეს, რომელიც დანიშნულ მედიკამენტებს არ აძლევს პატიმრებს, რადგან თითქმის არანაირი პრეპარატი არ გააჩნია და მათი ყიდვა პატიმართა ოჯახის წევრებს უწევთ.
„ჩვენთან უმძიმესი მდგომარეობაა და პატრონი არავინ გვყავს. ვერანაირად ვერ მივაწვდინეთ ხმა სოზარ სუბარს ან სასჯელაღსრულებითი სისტემის სხვა მაღალჩინოსნებს. ციხის ადმინისტრაციას ჩვენი ბედი არ აღელვებს. ჩვენ სიცივით ვიყინებით, ასეულობით პატიმარს ფილტვების ანთება აქვს, ადმინისტრაციის თანამშრომლები კი ევრორემონტიან, თბილ კორპუსში სხედან და არც არაფერი აკლიათ. უკვე ერთი კვირაა, პატიმრებს დარეკვის ნებას არ გვაძლევენ და უარის მიზეზსაც არავინ გვეუბნება. წარმოიდგინეთ, რამხელა განუკითხაობაა „კრიტში,“ რომ აქ უკვე 8 წელია ზის პატიმარი და მის ბედს სასჯელაღსრულებითი სისტემიდან არავინ კითხულობს. შესაძლოა, ისიც არ ახსოვთ, რომ ეს პატიმარი კვლავ „კრიტშია“, - განუცხადა პატიმარმა „ივერიონს“.
„ივერიონის“ წყაროს თქმით, „კრიტში სასჯელს “ უკვე პოლიტპატიმრად აღიარებული ზურაბ ხუციშვილიც იხდის, რომელიც დიდი ხანია სუბართან შეხვედრას ითხოვს, მაგრამ მინისტრი მასთან შეხვედრას თავს არიდებს. „ზურაბ ხუციშვილი რამდენიმე დღეში დატოვებს ციხეს, მაგრამ 1200 კაცი ამქვეყნიურ ჯოჯოხეთში ვრჩებით. იქნებ, სოზარ სუბარის ყურამდე მიიტანოთ ჩვენი აუტანელი მდგომარეობა, რომ შუშები მაინც ჩაგვისვან და ამ ყინვაში არ ამოგვხდეს სული“, - ამბობს პატიმარი.