ობამა ღალატობს ისრაელს! საქართველო?..
americanthinker.com-ში პამელა გელერის სტატია გამოქვეყნდა, სადაც ის იმ მიზეზებს ხსნის, რის გამოც საქართველომ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე პალესტინისთვის დამკვირვებლის სტატუსის მინიჭებას მხარი დაუჭირა. ავტორი პირდაპირ აცხადებს, რომ საქართველოში, შეერთებულმა შტატებმა მტკიცე და ჭეშმარიტ მოკავშირეს - ისრაელს უღალატა.
„ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა საქართველოდან, ობამას ადმინისტრაციის განსაკუთრებულ ღალატზე ინფორმაცია გავრცელდა. ობამა, რომელიც თითქოს მხარს არ უჭერს მუსლიმ ძმებს, შარიათის რევოლუციებს, ეგვიპტის რეჟიმებს, კულისებში ნაბიჯებს დგამს ისრაელის შემდგომი საერთაშორისო იზოლაციისთვის, ისრაელისა, რომელიც ახლო აღმოსავლეთის ერთადერთი დემოკრატიაა.
29 ნოემბრამდე, მანამდე ვიდრე გაერთიანებული ერების ორგანიზაცია კენჭს უყრიდა არაწევრი სახელმწიფოს დამკვირვებლის სტატუსს, ობამას მიერ დანიშნული შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი, საქართველოს პრემიერმინისტრ ბიძინა ივანიშვილს შეხვდა. საუბრის დროს, ნორლანდმა რეკომენდაციის სახით პრემიერმინისტრს უთხრა, რომ საქართველომ ხმა უნდა მისცეს პალესტინის სახელმწიფოს.
ეს შეერთებული შტატების ოფიციალური პოზიციის მიუხედავად მოხდა, რადგან სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა ამ კენჭისყრას უწოდა „სამწუხარო და კონტრპროდუქტიული… რაც მშვიდობის გზაზე დამატებით სირთულეებს შექმნის“. კენჭისყრის დღეს ისრაელის პრემიერმინისტრმა ბინიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა: „მშვიდობისთვის არც ერთი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინტერესი არ არის ასახული რეზოლუციაში, რომელსაც დღეს განსახილველად გენერალურ ასამბლეას წარუდგენენ, ამიტომ ისრაელისთვის ის მიუღებელია“. ის მართალი გახლდათ. მაგრამ საქართველოში, შეერთებული შტატები ღალატობს მტკიცე და ჭეშმარიტ მოკავშირეს.
ეს ინფორმაცია გაბრიელ მირილაშვილისგან გავრცელდა. მირილაშვილი, ცნობილი ბიზნესმენი და კორპორაციის მფლობელი საქართველოში, ევრო-აზიის ებრაელთა კონგრესის ვიცეპრეზიდენტი და ქართველი ებრაელების მსოფლიო კონგრესის ხელმძღვანელია. მირილაშვილი ამბობს, რომ ეს მან თავად ივანიშვილისგან მოისმინა, და რომ არსებობს ოფიციალური დოკუმენტი, სადაც ნორლანდის და ივანიშვილის საუბრის ჩანაწერია ასახული. როდესაც მირილაშვილი ივანიშვილს არწმუნებდა, მხარი არ დაეჭირა პალესტინის სახელმწიფოებრიობის დოკუმენტისთვის, ივანიშვილმა უპასუხა, რომ მას ეს ამერიკის ელჩმა სთხოვა.
აღსანიშნავია ისიც, რომ ამ შეხვედრამდე რამდენიმე დღით ადრე, საქართველოში ჩავიდა ჯორჯ სოროსი, რომელიც ასევე შეხვდა პრემიერმინისტრ ივანიშვილს და ისინი სხვადასხვა ინიციატივების ირგვლივ თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ. პრეზიდენტ ობამას და სოროსის ახლო კავშირები სათავეს იღებს ჯერ კიდევ 2007 წლიდან და 2008 წლის საპრეზიდენტო კამპანიამდე მიდის.
იმავდროულად, კიდევ ერთმა წყარომ განაცხადა, რომ საქართველო იფარებს ჩეჩენ ჯიჰადისტებს – მკვლელებს, რომლებსაც ქართული პასპორტები აქვთ. როდესაც ზოგიერთი ამ ჯიჰადისტთაგან თურქეთში დააკავეს, თურქულმა პრესამ გამოაქვეყნდა ინფორმაცია, რომ ისინი ქართული პასპორტებით მოგზაურობდნენ. მეტიც, მათი ლიდერი უმარ სუგაიპოვი, რომელიც ახლა საქართველოში არ არის, ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩკერიის აწგარდაცვლილი პრეზიდენტის ასლან მასხადოვის უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი მოადგილეა.
ეს ის მთავრობაა, რომელთანაც ობამას ადმინისტრაცია ჩურჩულებს და ისრაელის წინააღმდეგ მოქმედებას სთხოვს. ის, რომ აშშ-ის ელჩი საქართველოში ქვეყნის პრემიერმინისტრს პალესტინური სახელმწიფოს მხარდაჭერას სთხოვს, შოკისმომგვრელია, მაგრამ არა მოულოდნელი. ეს არის ის, რასაც შეერთებული შტატები ობამას ხელმძღვანელობით საიდუმლოდ, მაგრამ ეფექტურად ავითარებს მსოფლიო არენაზე ოთხი წლის განმავლობაში. იმ დროს, როდესაც ობამა თავს ევლება გავლენიან ებრაელებს ამერიკაში და ამერიკელები მხარს უჭერენ პატარა ისრაელურ სახელმწიფოს, ის ღალატობს ისრაელს, ჩვენს ერთადერთ სანდო მოკავშირეს ახლო აღმოსავლეთში.
ობამას საგარეო პოლიტიკამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ჯიჰადისტებისა და უპირატესად ისლამური რეჟიმების აღმასვლის ხელშეწყობაში ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაში. და რთული არ არის იმის პროგნოზირება, თუ რას მოგვიტანს ობამას მომავალი საპრეზიდენტო ვადა. პრეზიდენტი ობამა თანმიმდევრულია თავის საგარეო პოლიტიკაში. მისი ოთხწლიანი პრეზიდენტობის დროს, მსოფლიო რადიკალურად გარდაიქმნა, და მალე მას ვეღარ ვიცნობთ.
ობამა პროისრაელურ განცხადებებს აკეთებდა ხოლმე – მაგრამ სინამდვილეში მისი სიტყვები არაფერს ნიშნავს, როდესაც მან იმავდროულად მოუწოდა ისრაელს, ეღიარებინა პალესტინური სახელმწიფო შერეული საზღვრებით, რითაც მივიღებდით დაჩეხილ და შუაზე გაყოფილ ისრაელს, რომელიც ჯიჰადის თავდასხმებისთვის კატასტროფულად მოწყვლადი იქნებოდა. მან ასევე არაერთხელ შეურაცხყო ნეთანიაჰუ. ცხადია, ობამას უფრო შორს წასვლაც სურს, მაგრამ „პალესტინურ“ და მუსლიმურ სახელმწიფოებს ჯერ კიდევ არ სურთ ასეთი ღრმა თანამშრომლობა, რომც ქმნიდნენ იმის ილუზიას, რომ ისრაელის არსებობა მათთვის მისაღებია და რომ ხანგრძლივი მშვიდობა სურთ.
ობამას მტრული დამოკიდებულება ისრაელის მიმართ გასაკვირი არ არის. მე ვწერდი მისი პოლიტიკის საფრთხის შესახებ ისრაელის და ებრაელის ხალხის მიმართ, ჩემს წიგნში „The Post-American Presidency: The Obama Administration’s War on America“. მისი ანტიისრაელური ალიანსები და შემაშფოთებელი ურთიერთობები დეტალურად არის დოკუმენტირებული. ერთადერთი, რაც უცნობი იყო, ის, თუ როგორ მოეპყრობოდა არამეგობრულად განწყობილი ობამა ებრაელთა სამშობლოს. თუკი მისი ანტიებრაული მენტორები და მრჩევლები რაიმეს მანიშნებელია, ისრაელის მხრიდან გონივრული იქნებოდა, რაც შეიძლება სწრაფად გადაეწყოს სხვა თავისუფლების მოყვარე ქვეყნებთან ურთიერთობაზე, ვიდრე შეერთებული შტატების ელჩები კიდევ უფრო მეტ უცხოელ ლიდერს ისრაელის ღალატისკენ უბიძგებენ“, - წერს ავტორი.