პარლამენტში ამნისტიის კანონპროექტს განიხილავენ
პარლამენტი დღეს "ამნისტიის შესახებ" კანონპროექტს II მოსმენით მუხლობრივად განიხილავს.
საკომიტეტო ფორმატში პროექტის II მოსმენით განხილვებისას რიგი მუხლების კორექტირება მოხდა. რაც შეეხება "ამნიტიის შესახებ" კანონპროექტის მთავარ პრინციპებს, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან უნდა გათავისუფლდნენ პირები, რომლებმაც არასრულწლოვნების ასაკში ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული ჩაიდინეს, გარდა დანაშაულისა, რომელსაც სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა.
ამასთან, უნდა გათავისუფლდეს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან განზრახ დანაშაულის პირველად ჩამდენი პირი, რომელმაც სრულწლოვანების ასაკში ჩაიდინა ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული. ამ მიმართულებით არსებობს გამონაკლისი მუხლები, რომლებზეც ამნისტია არ გავრცელდება.
პროექტის თანახმად, უნდა გაუნახევრდეს სასჯელი განზრახი დანაშაულის პირველად ჩამდენ პირს, რომელმაც მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაული არასრულწლოვნების ასაკში ჩაიდინა. ერთი მესამედით უნდა შეუმცირდეს სასჯელი მძიმე ან/და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩამდენ ქალს, გარდა იმ დანაშაულისა, რომელსაც სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა.
ამნისტია გაუფრთხილებლობით ჩადენილ დანაშაულებზეც ვრცელდება.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, თინა ხიდაშელის განცხადებით, ამნისტიის კანონი, თავისი მნიშვნელობიდან გამომდინარე, გამორიცხავს შერჩევითობას.