„მატროსოვის ციხეში“ მოშიმშილე პატიმრების რიცხვი იზრდება
სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის სოზარ სუბარის ინფორმაციით, დღეს დილიდან ე.წ. „მატროსოვის ციხეში“ შიმშილობა 10 პატიმარს უნდა დაეწყო.
სუბარის ინფორმაციით, ეს პატიმრები სოლიდარობას უცხადებენ ძმებ ტერაშვილებსა და სხვა პატიმრებს, რომლებიც ამბობენ, რომ პოლიტპატიმრები არიან, თუმცა შესაბამის სიაში ვერ მოხვდნენ.
"სასჯელაღსრულების სამინისტრო მუდმივად კონტაქტში იქნება მათთან და რაც შეგვეძლება ყველაფერს გავაკეთებთ, იქნება ეს სამედიცინო დახმარების კუთხით თუ სხვა მიმართულებით", - აღნიშნა სოზარ სუბარმა.
შეგახსენებთ, რომ პატიმრებისთვის სოლიდარობის გამოცხადების მიზნით, უკვე მეორე დღეა შიმშილობს ყოფილი თავდაცვის მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილიც.