მიხეილ სააკაშვილი: ჩემთვის მიუღებელია ნგრევა!
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ეწვია „ექსპოჯორჯიაში“ გამართულ გამოფენას სახელწოდებით - „ჰოლანდიელი არქიტექტორების დღეები საქართველოში“.
მიხეილ სააკაშვილმა ქუთაისის აეროპორტის მაკეტიც ნახა და იმ ჰოლანდიელ არქიტექტორებსაც შეხვდა, რომლებმაც ეს აეროპორტი დააპროექტეს.
გამოფენის დათვალიერების შემდეგ, ქვეყნის პირველმა პირმა კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება აღმშენებლობის პროცესისა და არქიტექტურული კულტურის მნიშვნელობაზე.
სააკაშვილი ასევე გამოეხმაურა ბიძინა ივანიშვილის განცხადებას, რიყეზე მიმდინარე მშენებლობების შეჩერებაზე და დასძინა, რომ მიუღებელია ყველა ის მოწოდება, რომელიც ნგრევის პროცესს უკავშირდება.
„ჰოლანდიელი არქიტექტორების დღეები საქართველოში“ ჰოლანდიის საელჩოს ინიციატივით იმართება და მასში 15 წამყვანი ჰოლანდიური კომპანია მონაწილეობს, რომელიც მსოფლიოში ყველაზე ნოვაციური არქიტექტურული პროექტებით არის ცნობილი.
გამოფენას ნიდერლანდების ელჩი საქართველოში პიტერ ლანგენბერგი სტუმრობდა.