რუსულმა “Forbes”-მა „წლის კოსმოპოლიტად“ ბიძინა ივანიშვილი დაასახელა
რუსული “Forbes”–ის ნომინაციაში „წლის კოსმოპოლიტი“ ბიძინა ივანიშვილმა გაიმარჯვა. “Forbes”–მა 2012 წლის შემაჯამებელი გამოკითხვა უკვე შეაჯამა. ინფორმაციას commersant.ge ავრცელებს.
გავლენიანი ბიზნეს–გამოცემის რუსულმა ვერსიამ ონლაინ–გამოკითხვის საშუალებით გამოავლინა წლის ბიზნესმენი, წლის კოსმოპოლიტი, წლის პიონერი და სხვა ნომინაციების გამარჯვებულები.
ნომინაციაში „წლის კოსმოპოლიტი“ წარდგენილი იყო 4 პიროვნება, მათ შორის ბიძინა ივანიშვილი.
ნომინაციაში წარდგენის კრიტერიუმებს „ფორბსი“ ასე განსაზღვრავს: „რუსეთის ამჟამინდელი ან ყოფილი ბიზნესმენი, რომელმაც მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია რუსეთის ფარგლებს მიღმა.“
ბიძინა ივანიშვილი დახასიათებულია, როგორც საქართველოს უმდიდრესი ადამიანი, რომელმაც 2012 წელს რუსეთში თავისი უკანასკნელი აქტივები გაყიდა, მათ შორის, ბანკი „როსიისკი კრედიტი,“ დააარსა პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნება“ და გაიმარჯვა საპარლამენტო არჩევნებში. ამჟამად კი საქართველოს პრემიერ–მინისტრია.
ნომინაციაში „წლის კოსმოპოლიტი“ ივანიშვილთან ერთად წარდგენილნი იყვნენ Eurocement Holding–ის მფლობელი ფილარეტ გალჩევი, Access Industries–ს მფლობელი ლეონარდ ბლავატნიკი, და პროდიუსერი ალექსანდრ როდნიანსკი. ქართველმა პრეტენდენტმა „ფორბსის“ მკითხველების 1518 ხმა მიიღო.
რუსული „ფორბსის“ მკითხველებმა წლის ბიზნესმენად ალიშერ უსმანოვი დაასახელეს.