ვის სჯერა და ვის არა გაბრიელის?
ურჩია თუ არა ამერიკის ელჩმა ბიძინა ივანიშვილს პალესტინის მხარდამჭერი რეზოლუციის მიღება, ამის შესახებ პრემიერმა გორში თავდაცვის აკადემიაში ყოფნისას ისაუბრა.
ამერიკულ მედიაში, კერძოდ ,,AMERICAN THINKER”-ში გამოქვეყნდა სტატია, სადაც ებრაელი ბიზნესმენი გაბრიელ მირილაშვილი აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილს პალესტინის მხარდამჭერ რეზოლუციისთვის მხარდაჭერა აშშ-ს ელჩმა რიჩარდ ნორლანდმა ურჩია. საუბრის დროს, ნორლანდმა რეკომენდაციის სახით პრემიერმინისტრს უთხრა, რომ საქართველომ ხმა უნდა მისცეს პალესტინის სახელმწიფოს.
,,ეს ინფორმაცია გაბრიელ მირილაშვილისგან გავრცელდა. მირილაშვილი, ცნობილი ბიზნესმენი და კორპორაციის მფლობელი საქართველოში, ევრო-აზიის ებრაელთა კონგრესის ვიცეპრეზიდენტი და ქართველი ებრაელების მსოფლიო კონგრესის ხელმძღვანელია. მირილაშვილი ამბობს, რომ ეს მან თავად ივანიშვილისგან მოისმინა, და რომ არსებობს ოფიციალური დოკუმენტი, სადაც ნორლანდის და ივანიშვილის საუბრის ჩანაწერია ასახული. როდესაც მირილაშვილი ივანიშვილს არწმუნებდა, მხარი არ დაეჭირა პალესტინის სახელმწიფოებრიობის დოკუმენტისთვის, ივანიშვილმა უპასუხა, რომ მას ეს ამერიკის ელჩმა სთხოვა.” – წერია სტატიაში.
გორში ყოფნისას ბიძინა ივანიშვილს მირილაშვილის განცხადებაზე კომენტარის გაკეთება სთხოვეს. მისი თქმით, პირად საუბრებში ვინ ვის რას ესაუბრა, არ არის მნიშვნელოვანი.
ბიძინა ივანიშვილი: ,,არ ვიცი, გაბრიელი რას ამბობს, ჩვენ პოლიტიკური განცხადებები გავაკეთეთ. ეს იყო თანმიმდევრული ნაბიჯი. ეს არ არის ქვეყნის (პალესტინის) ერთბაშად ცნობა, როგორც სახელმწიფოს. ის გაეროს ასოცირებული წევრი გახდა. ჩვენ ვითვალისწინებთ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების ინტერესებს. გადაწყვეტილება იყო გასაგები და ქვეყნისთვის საინტერესო. ჩვენი პოზიცია ავუხსენით ჩვენს მეგობარ ისრაელს.” – განაცხადა ივანიშვილმა.