ავთანდილ დემეტრაშვილი: პრეზიდენტი ხალხმა უნდა აირჩიოს და მან არბიტრის ფუნქცია უნდა შეასრულოს!

ავთანდილ დემეტრაშვილი: პრეზიდენტი ხალხმა უნდა აირჩიოს და მან არბიტრის ფუნქცია უნდა შეასრულოს!

გაზეთ „რეზონანსის“ ინფორმაციით,  იქმნება საინიაციატივო ჯგუფი, რომლის წარმომადგენლებიც სარეფერენდუმოდ შემდეგი კითხვის გატანას აპირებენ: - გსურთ თუ არა, რომ საქართველოში გამოცხადდეს საპარლამენტო მმართველობა და შეზღუდული უფლებების პრეზიდენტი აირჩიოს მხოლოდ პარლამენტმა გარკვეული ვადით?


აღსანიშნავია, რომ კონსტიტუციის თანახმად, რეფერენდუმის ჩატარების უფლება მხოლოდ პრეზიდენტს აქვს საკუთარი ინიციატივით, ან რეფერენდუმის მოთხოვნის უფლება აქვს საინიციატივო ჯგუფს 200 000  ხელმოწერის საფუძველზე. ამ საკითხთან დაკაშირებით „ივერიონი“ სსიპ კონსტიტუციური კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელს, საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარეს და საკონსტიტუციო ცვლილებების ავტორს ავთანდილ დემეტრაშვილს ესაუბრა.


- ბატონო ავთანდილ, ქართული პარლამენტარიზმის პრაქტიკა იძლევა თუ არა იმის საშუალებას, რომ  წმინდა საპარლამენტო მოდელზე გადავიდეთ, რომლის დროსაც პარლამენტის მიერ არჩეული პრეზიდენტი სიმბოლური ფიგურა ხდება.  რამდენად ჯდება ეს ქართულ მენტალიტეტში?


- 2013 წლიდან ასამოქმედებელი მოდელი ძალიან ახლოს არის საპარლამენტოსთან. ერთადერთი აქ რაც შეიძლება დაემატოს, ეს არის პრეზიდენტის არაპირდაპირი წესით არჩევა. მოსახლეობის უმრავლესობას წარმოდგენაც კი არა აქვს, თუ  რა არის საპარლამენტო მოდელი და რა არის საპრეზიდენტო მოდელი. ამიტომ მოსახლეობა არ იქნება კომპეტენტური, როცა ამ კითხვაზე პასუხს გასცემს.


საპარლამენტო მოდელის შემოღების მიზანშეწონილობის თაობაზე მე ჩემი პოზიცია გამაჩნია. ამ ეტაპზე საკმარისია ის, რაც  2013 წელს უნდა ამოქმედდეს. 2013 წლის კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტი უნდა იყოს პირდაპირი წესით არჩეული. მას ამ შემთხვევაში გააჩნია ლეგიტიმურობა და ძალიან აქტიური არბიტრის როლს ასრულებს. თუკი პრეზიდენტი იქნება არჩეული პარლამენტის უმრავლესობის მიერ, იგი, რა თქმა უნდა, ვერანაირი არბიტრის ფუნქციას ვერ შეასრულებს - ის უმრავლესობის პრეზიდენტი იქნება.


- როგორი კონფიგურაცია შეიძლება არსებობდეს საქართველოში, რომ ეფექტური მმართველობა მივიღოთ?


- საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარეობის პერიოდში კომისიაში  ვმუშაობდით ამ საკითხზე. მიმაჩნია, რომ რაც მივიღეთ მაშინ ეს საკმარისია. ერთადერთი რაც უნდა შეიცვალოს -  პარლამენტს საკონტროლო უფლებამოსილება უნდა გაეზარდოს. მეტი შესაცვლელი მანდ არაფერია.


- ხომ არ აჯობებს, რომ საზოგადოების მხრიდან კონტროლის მექანიზმები არსებობდეს, რომელიც პრეზიდენტს ავტორიტარული მმართველობის დამკვიდრების საშუალებას არ მისცემს?


- გამოვრიცხავ, რომ 2013 წელს ასამოქმედებელი ნორმების მიხედვით, შესაძლებელი იქნება ადეკვატური რეჟიმის დამყარება. პრეზიდენტს არ გააჩნია აღმასრულებელი უფლებამოსილება, პარლამენტი კი საკმაოდ ძლიერია. პრეზიდენტს პოლიტიკის განვითარების არავითარი შესაძლებლობები  უკვე აღარ ექნება. იგი იქნება არბიტრი.  გამოვრიცხავ 2013 წელს ასამოქმედებელი ნორმების მიხედვით დიქტატორული რეჟიმის დამყარებას.


ესაუბრა ნინო ახალკაცი

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: