თეა წულუკიანი სოზარ სუბარს დაეხმარება

თეა წულუკიანი სოზარ სუბარს დაეხმარება

იუსტიციისა და სასჯელაღსრულების სამინისტროები თანამშრომლობის მემორანდუმს გააფორმებენ, რომელიც პატიმრობიდან გათავისუფლებული ადამიანების ყოფით ცხოვრებაში რეაბილიტაციას ეხება.


ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა სოზარ სუბართან საუბრის შემდეგ განაცხადა.


მისი თქმით, მალე დამტკიცდება ამნისტიის შესახებ კანონი და შესაბამისად, 2000-დან 3000-მდე პატიმარი დატოვებს საპყრობილეს. აქედან გამომდინარე, წულუკიანის თქმით, ის და სუბარი შეთანხმდნენ, რომ ორი სამინისტრო ხელს მოაწეს მემორანდუმს, რომელშიც გაწერილი იქნება უწყებების სოციალური სამსახურების თანამშრომლობა, რათა პატიმრებს, განსაკუთრებით ახალგაზრდებს, არასრულწლოვნებს და ქალებს შესთავაზონ დახმარება საზოგადოებაში რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის მიზნით.


"ჩვენს სამინისტროში არის დანაშაულის პრევენციის ცენტრი, რომელიც არასდროს არ იყო გამოყენებული წინა ხელისფლების დროს ყოფილ პატიმრებთან მუშაობისთვის. ჩემი ინიციატივაა, რომ ეს პრევენციის ცენტრი დავახმაროთ სუბარის უწყებას,"- განაცხადა თეა წულუკიანმა.


რაც შეეხება, სოზარ სუბარს, მისი თქმით, წულუკიანი დღეს მნიშვნელოვანი ინიციატივით მივიდა.


მან განაცხადა, რომ ორივე უწყება ერთად იმუშავებს იმაზე, რომ პატიმართა თუნდაც ნაწილს გაეწიოს დახმარება სწავლის და დასაქმების მხრივ.


"ძალიან ხშირად იყო შემთხვევა, როდესაც გათავისუფლებული პირები ახალ დანაშაულს სჩადიოდნენ", - განაცხადა სუბარმა.


მისი თქმით, ერთობლივად შემუშავდება კრიტერიუმები, თუ რამდენ ადამიანს დაეხმარებიან. ამასთან, ეს არ იქნება ერთჯერადი და ამნისტიაზე მიბმული პროექტი.
მემორანდუმს ხელი წლის ბოლომდე მოეწერება. 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: