ბაკურ გულუა: საპარლამენტო მმართველობას მხარს არ დავუჭერ!
საინიციატივო ჯგუფის მიერ რეფერენდუმის ჩატარების ინიციატივასთან დაკავშირებით, რომელიც სახელმწიფო მმართველობის შეცვლას, კონკრეტულად საპარლამენტო მოდელზე გადასვლას ითვალისწინებს, „ივერიონმა“ კომენტარი სთხოვა საქართველოს ყოფილ ვიცე-პრემიერს და სოფლის მეურნეობის მინისტრს, "კონსტიტუციის დაცვის ლიგის" პრეზიდენტს ბატონ ბაკურ გულუას.
-„მე რეფერენდუმის მომხრე ვარ. მაგრამ მას ასეთი მოთხოვნა აქვს, მოქალაქემ კითხვაზე უნდა გასცეს მხოლოდ ერთ კონკრეტული პასუხი - კი, ან არა. ასე რომ, საკითხი ასე უნდა დავსვათ - ხართ თუ არა მომხრე საპრეზიდენტო რესპუბლიკის? ხალხი უპასუხებს, კი, ან არას. ასევე, ხართ თუ არა მომხრე საპარლამენტო რესპუბლიკის? ხალხი უპასუხებს - კი, ან არას. ორივე შეკითხვა რომ დასვა, ხალხი სწორ პასუხს ვერ გაგცემს. სხვა პასუხი რეფერენდუმს არ აქვს. საჭიროა, რომ მოქალაქეს კითხვა მარტივად დაუსვან. რეფერენდუმის გარეშე კი ამ საკითხის გადაჭრა არ შეიძლება.
თუმცა „ივერიონთან“ ინტერვიუში ადრე განვაცხადე, რომ საჭიროა 2004 წლის საკონსტიტუციო სივრცის აღდგენა. დავით უსუფაშვილმა, როგორც იურისტმა ბრწყინვალედ თქვა „ჩვენ რომ 2004 წლის კონსტიტუცია არ დაგვეხლიჩა, რაც დღეს კამათი გვაქვს, არცერთი არ გვექნებოდაო“. ახლა ეს ყოველივე წინ დაუდგათ. გაჩნდა წინააღმდეგობა იმ შტოებს შორის, რომელიც არ არსებობდა იმ კონსტიტუციაში. თუ რეფერენდუმი ჩატარდება, მე მომხრე ვიქნები ამის და ვიტყვი, რომ საკითხი უნდა დადგეს ასე, ხართ თუ არა საპრეზიდენტო რესპუბლიკის მომხრე. საჭიროა კარგი განმარტების ჩატარება და ხალხმაც უნდა გასცეს პასუხი მარტივად - კი, ან არა.
თუ რეფერენდუმი ჩატარდება ასეთი სახით - ხართ თუ არა საპარლამენტო მმართველობის მომხრე, რომელიც თავის თავში პარლამენტის მიერ არჩეულ პრეზიდენტს გულისხმობს, ამ გამოკითხვას მე მხარს არ დავუჭერ. ჩვენ სხვა სქემა გვაქვს. ჩემი აზრით, პრეზიდენტი უნდა იყოს აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაური. ამის შემდეგ ყველაფერი საათივით აეწყობა“, - განაცხადა ბაკურ გულუამ.
ნინო ახალკაცი