„ბორჯღალოსნები“ რუსეთის ნაკრებს სოჭში ესტუმრებიან

„ბორჯღალოსნები“  რუსეთის ნაკრებს სოჭში ესტუმრებიან

რუსეთის რაგბის კავშირის განცხადებით,  რუსეთსა და საქართველოს ნაკრებთა შორის შეხვედრა 23 თებერვალს სოჭში გაიმართება.


"ჩვენ მუდმივი პრობლემა გვაქვს, სად ჩავატაროთ თებერვალ-მარტის შეხვედრები. არადა, ეს ზუსტად ის პერიოდია, როდესაც ევროპაში ოფიციალური მატჩები იმართება. ამ დროს, რუსეთის ნაკრებს ევროპის ერთა თასზე 5 უმნიშვნელოვანესი შეხვედრა ელის. 2 თებერვალს ესპანეთთან  გვაქვს მატჩი და ის აუცილებლად სოჭში შედგება. არადა, ამ დროს სოჭშიც კი ცუდი ამინდები იცის და შესაძლოა, იქაც თოვლი იყოს. ასეთივე მდგომარეობა გვაქვს საქართველოსთან დაკავშირებითაც. 23 თებერვალს კი სოჭში ქართველ მორაგბეებთან გველის  დაპირისპირება" - აღნიშნა რუსეთის ნაკრების მენეჯერმა ზორიკ მასანდილოვმა.


"ბორჯღალოსნები" 2013 წლის ერთა თასის გათამაშებას  2 თებერვალს დებიუტანტ ბელგიასთან სტუმრობით იწყებენ. მომდევნო შეხვედრა 9 თებერვალს თბილისში პორტუგალიის ნაკრებთან გაიმართება. 23 თებერვალს კი "ბორჯღალოსნები"  სოჭში ესტუმრებიან რუსეთს. დარჩენილი ორი თამაში მარტში გაიმართება.  9 მარტს თბილისს ესპანეთთის რაგბის ნაკრები ესტუმრება, ხოლო 16 მარტს თამაში ბუქარესტში რუმინეთთან გაიმართება.


საქართველოს ნაკრებისთვის 2013 წლის ერთა თასი ძალზე მნიშვნელოვანი ტურნირია. ეს ტურნირი  2014 წლის გათამაშებასთან ერთად  2015 წლის მსოფლიოს თასის შესარჩევ ეტაპს წარმოადგენს. მსოფლიოს თასზე საქართველო იმ შემთხვევაში გაემგზავრება, თუ 2013 და 2014 წლების ერთა თასების ჯამური შედეგებით ორ საუკეთესო გუნდს შორის მოხვდება.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: