პარლამენტში ქართულ-აზერბაიჯანულ ურთიერთობის პრიორიტეტებზე იმსჯელეს
ქართულ–აზერბაიჯანული ურთიერთობები, სამომავლო გეგმები და პრიორიტეტები იყო დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის დღევანდელი სხდომის განხილვის თემა. აღნიშნული თემის ირგვლივ კომიტეტის წევრმა მახირ დარზიევმა ისაუბრა.
საქართველოს პარლამენტის წევრი მახირ დარზიევი ახლახანს აზერბაიჯანს სტუმრობდა, სადაც შეხვედრები გამართა როგორც ადგილობრივ ხელისუფლების, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, ადგილობრივ მოსახლეობასთან, აზერბაიჯანში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებთან და აზერბაიჯანის მოქალაქე ეთნიკურ ქართველებთან. მან კომიტეტის წევრებს ინფორმაცია მიაწოდა არსებულ ვითარებაზე და იმედი გამოთქვა, რომ ქართველი და აზერბაიჯანელი კანონმდებლები ყველაფერს გააკეთებენ მოქალაქეების წინაშე მდგარი პრობლემების გადასაჭრელად.
კომიტეტის წევრმა დავით ბერძენიშვილმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველო და აზერბაიჯანი, როგორც სტრატეგიული პარტნიორები, ყოველთვის მოახერხებენ თანამშრომლობას იმის მიუხედავად, თუ როგორი ხელისუფლებაა ამ ქვეყნებში.
დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის გუბაზ სანიკიძის განცხადებით, კომიტეტი უახლოეს პერიოდში აუცილებლად გამართავს გაფართოებულ სხდომას, რომელზეც ექსპერტებსაც მოიწვევენ.
„მიმაჩნია, რომ ქართული სახელმწიფოს ზრუნვა არ უნდა შემოიფარგლებოდეს მხოლოდ აზერბაიჯანში მცხოვრები ეთნიკური ქართველებით. ჩვენ მოვალენი ვართ, იქ მცხოვრები ჩვენი აზერბაიჯანელი თანამემამულეების ბედზეც ვიზრუნოთ, ვინც საქართველოს მოქალაქეები არიან. მიმაჩნია, რომ ეს სავსებით შესაძლებელია“, - განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.
მისივე ინფორმაციით, საქართველოში აზერბაიჯანის ელჩთან შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ ქვემო ქართლსა და საინგილოს ეწვევიან და არსებულ სიტუაციაში ერთად გაერკვევიან.