ივანიშვილთან პალესტინის საკითხზე საუბარი გაბრიელ მირილაშვილმაც უარყო
ქართველი ებრაელების მსოფლიო კონგრესი და მისი პრეზიდენტი, გაბრიელ მირილაშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის დროს პოლიტიკასა და დიპლომატიაზე საუბარს უარყოფს.
"izrus"-სთან საუბარში მირილაშვილი გამოცემა "American Thinker"- ის მასალას გამოეხმაურა, სადაც წერია, რომ მირილაშვილმა გაარკვია ის მიზეზები, თუ რის გამო მისცა საქართველომ გაეროში პალესტინის სატატუსის გაზრდას ხმა.
სტატიაში ასევე ნათქვამია, რომ საქართველოში აშშ-ს ელჩმა რიჩარდ ნორლანდმა პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს შეხვედრისას სთხოვა, რომ საქართველოს გაეროში პალესტინის სტატუსის გაზრდისთვის მხარი დაეჭირა.
ამ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფს ქართველ ებრაელთა კონგრესი. მათი განცხადებით, აღნიშნული გამოცემისთვის ინტერვიუ კონგრესის არც ერთ წევრს არ მიუცია.
მირილაშვილი არ უარყოფს იმას, რომ ბიძინა ივანიშვილს ნამდვილად შეხვდა.
"ეს შეხვედრა გაიმართა თბილ და მეგობრულ გარემოში. შეხვედრაზე საუბარი იყო ჰუმანიტარულ, ეკონომიკურ და ორ ქვეყანას შორის ისტორიულ ასპექტებზე. რაც შეეხება გაეროს რეზოლუციაზე კენჭისყრას, ეს უნდა გადაწყვეტილიყო და განხილულიყო დიპლომატიური გზებით, რაც, შესაძლოა, ასეც მოხდა. ჩვენ, კონგრესს კი ამ საკითხთან დაკავშირებით, არავითარი კავშირი არ გვაქვს", - განაცხადა მირილაშვილმა.