თეატრალურ უნივერსიტეტში ხანძარი ლიკვიდირებულია

თეატრალურ უნივერსიტეტში ხანძარი ლიკვიდირებულია

შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია.


როგორც სამაშველო სამსახურის უფროსმა თემურ გიორგაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ღია ცეცხლი თეატრის საგრიმიოროში გაჩნდა.


მისი თქმით, დამწვარია დაახლოებით 20-30 კვ.მ ფართი.


"ვინაიდან თეატრი ძველი შენობაა და ბევრი ლაბირინთია, მეხანძრეებს ოთახში შეღწევა გაუჭირდათ, თუმცა მისი ლოკალიზება მალევე მოხდა. იყო საშიშროება, რომ ცეცხლი სხვა ოთახებშიც გავრცელებულიყო, მაგრამ მიის ჩაქრობა დროულად მოვახერხეთ", - განაცხადა საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურის უფროსმა თემურ გიორგაძემ.


მისი თქმით, ცეცხლის გამო შენობაში კვამლიც იდგა, თუმცა, მიუხედავად ამისა, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.


გიორგაძის განცხადებით, ხანძარი, სავარაუდოდ, ელექტროსადენების გამო გაჩნდა.


ადგილზე ამ დრომდე 2 სახანძრო და ერთი სამაშველო ბრიგადა რჩება.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: