ნიკა გვარამიას საკანში სიცივეა!
სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოს დროებითი მოთავსების იზოლატორში იმყოფებოდა, სადაც ნიკა გვარამია და სხვა დაკავებულები მოინახულა.
ომბუდსმენის თქმით, ნიკა გვარამია არ აღიარებს ბრალს და აცხადებს, რომ ეს ყველაფერი "რუსთავი 2"-ს ხელმძღვანელად მის საქმიანობას უკავშირდება. ნანუაშვილის ცნობით, გვარამია მიიჩნევს, რომ მისი დაკავება დამოუკიდებელ ტელეკომპანიაზე ზეწოლაა.
გარდა გვარამიასი, ნანუაშვილი ასევე შეხვდა კახა დამენიას, დევი კანდელაკს, იზაბელა გოტიძეს და გიორგი ნემსიწვერიძეს.
ომბუდსმენის თქმით, არც ერთი მათგანი არ აღიარებს დანაშაულს. „ისინი ემოციების ქვეშ არიან და ვერ გაურკვევიათ, რა მოხდა, რადგან მანამდე არაერთხელ დაკითხეს და მათთვის გაუგებარია, რატომ დააკავეს მაინცდამაინც გუშინ“, - ამბობს ნანუაშვილი.
ამასთან, ომბუდსმენი ამბობს, რომ არც ერთი დაკავებული მოპყრობას არ უჩივის. მისი ცნობით, ნიკა გვარამიას საკანში იყო ცოტა სიცივე, თუმცა ამ ეტაპზე ეს პრობლემაც მოგვარებულია.