საქალაქო სასამართლო სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
ნიკა გვარამიასა და ვანო მერაბიშვილის სატელეფონო საუბრების მოსმენასთან დაკავშირებით და საზოგადოდ, ფარული მიყურადება-ჩაწერის ნებართვასთან დაკავშირებით თბილისის საქალაქო სასამართლო განცხადებას ავრცელებს.
„ივერიონი“ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
"მასმედიის საშუალებებით - პრესითა და ტელევიზიით გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ფინანსთა სამინიტროს საგამოძიებო სამსახურმა საჯარო გახადა ის საიდუმლო დოკუმენტაცია, რომლის საფუძველზეც საგამოძიებო სამსახურს სატელეფონო საუბრების ფარული მიყურადება-ჩაწერის უფლება მიენიჭა. დასახელდნენ თბილისის საქალაქო სასამართლოს კონკრეტული მოსამართლენიც, რომელთა მიერ გაცემული ბრძანებების საფუძველზე, საგამოძიებო სამსახურს თითქოსდა ნება დაერთო ეწარმოებინა შესაძლო დანაშაულის ჩადენაში მხილებულ სხვადასხვა მოქალაქეებთან ერთად, ასევე, ნიკა გვარამიას და ივანე მერაბიშვილის სატელეფონო საუბრების ფარული მიყურადება-ჩაწერა. აღნიშნულთან დაკავშირებით თბილისის საქალაქო სასამართლო განმარტავს, რომ მასმედიის საშუალებებით გავრცელებული კონკრეტული სასამართლო გადაწყვეტილებებით მოსამართლეებმა ვ. ფუხაშვილმა და ტ. ტაბატაძემ დააკმაყოფილეს მთავარი პროკურატურის შუამდგომლობები სხვა - კონკრეტული პირების მიმართ სატელეფონო საუბრების ფარულ მიყურადება-ჩაწერაზე ნებართვის გაცემის შესახებ, არც პროკურატურის შუამდგომლობებში და არც დასახელებული მოსამართლეების მიერ გაცემულ ბრძანებებში არ ყოფილან მოხსენიებულნი ბატონები ნ. გვარამია და ი. მერაბიშვილი. „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ" საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მოთხოვნებს, რომლის თანახმად ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობა მკაცრად გასაიდუმლოებულია და ასეთი საქმიანობის ამსახველი მონაცემების, დოკუმენტებისა და წყაროების გაცნობის უფლება აქვთ მხოლოდ ამ კანონით მკაცრად განსაზღვრულ პირებს, შესაბამისად, მათი ვადამდელი გასაჯაროება ხელყოფს ამავე კანონით დაცულ ინტერესებს", - აღნიშნულია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა გუშინ საჯარო გახადა ის საიდუმლო დოკუმენტაცია, რომლის საფუძველზეც საგამოძიებო სამსახურს ფარული სატელეფონო საუბრის მოსმენა-ჩაწერების უფლება მიენიჭა.