სოზარ სუბარი: გვარამია სააკაშვილის დანაშაულებრივი სისტემის რგოლია
სასჯელაღსრულების მინისტრი სოზარ სუბარი ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას დაკავებას მის წარსულ საქმიანობას უკავშირებს.
ამის შესახებ სოზარ სუბარმა საქართველოში აშშ-ს ელჩთან რიჩარდ ნორლანდთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, გვარამია, სანამ „რუსთავი 2“-ში გადავიდოდა, მანამდე ძალიან მაღალ თანამდებობებზე მუშაობდა.
„არ მოვერიდები შეფასებას, რომ ის იმ დანაშაულებრივი სისტემის ნაწილი იყო და იმ დანაშაულებრივი სისტემის ხელმძღვანელ რგოლში მუშაობდა, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა და ზურაბ ადეიშვილმა შექმნა, როცა გენერალური პროკურორის მოადგილე იყო“, - განაცხადა სუბარმა.
იუსტიციისა და განათლების ყოფილი მინისტრი, ამჟამად ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია, ფინანსთა და ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი ალექსანდრე ხეთაგური, კომპანია „თელასის“ გენერალური დირექტორი დევი კანდელაკი და ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე კახა დამენია, ასევე გიორგი ნემსიწვერიძე და იზაბელა გუტიძე გუშინ საღამოს დააკავეს.
დაკავებულებს დიდი ოდენობით ქრთამის აღებასა და დანაშაულებრივ ქმედებაში ედებათ ბრალი. მათთვის ბრალი ჯერ არ წაუყენებიათ. ბრალის წარგენის ვადა ხვალ საღამოს იწურება.