გორში სტალინის ძეგლს ბიუჯეტის ფულით აღადგენენ
გორის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტში სტალინის ძეგლის აღსადგენად თანხები ჩაიდო. ამის შესახებ საკრებულოს თავმჯდომარემ ზვიად ხმალაძემ საკრებულოს 20 დეკემბრის ბიუროს სხდომაზე განაცხადა. ინფორმაციას qartli.ge ავრცელებს.
როგორც ცნობილია, გორელმა პოლიტოლოგმა შალვა ტლაშაძემ სტალინის მუზეუმის ტერიტორიაზე ძეგლის აღდგენის მოთხოვნით გორის მოსახლეობაში 3000-ზე მეტი ხელმოწერა შეაგროვა და ის პეტიციის წესით, საკრებულოს ერთი თვის წინ მიმართა.
ძეგლის აღდგენის ხარჯების გათვალისწინების შესახებ ინტერესი ბიუროს სხდომაზე საკრებულოს წევრმა „ქრისტიან-დემოკრატებიდან“ ზურაბ როსებაშვილმა გამოხატა. ზვიად ხმალაძემ მას დაუდასტურა, რომ მომავალი წლის ბიუჯეტში ამ საქმისთვის თანხები ჩაიდო. თუმცა, რომელ მუხლშია ეს თანხები ჩადებული, გამგეობის მიერ მომზადებულ ბიუჯეტის პროექტში ეს არ ჩანს.
ზურაბ როსებაშვილი ასევე მათი პარტიის მიერ ინიცირებული იმ პროექტით დაინტერესდა, რომლის მიხედვით სოფელ შინდისში 2008 წლის აგვისტოს მოვლენების დროს დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნის საპატივსაცემოდ კაპიტალური მემორიალი უნდა გაკეთდეს. ზვიად ხმალაძემ განაცხადა, რომ ამ სამუშაოებისთვის 5 000 ლარი გამოიყოფა. როსებაშვილმა აღნიშნა, რომ მათი გათვლებით 10 000 ლარი იყო საჭირო. თუმცა ბიუროს სხდომაზე ითქვა, რომ შემდგომში საჭიროების შემთხვევაში, ცვლილებებს შეიტანენ.