ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალურ დირექტორს, იუსტიციისა და განათლების ყოფილ მინისტრს ნიკა გვარამიას ბრალს სავარაუდოდ, ხვალ დღის პირველ ნახევარში წაუყენებენ.
როგორც „ივერიონს“ გვარამიას ადვოკატმა მამუკა ჭაბაშვილმა განუცხადა, დაკავებულისთვის ბრალის წაყენების ვადა ხვალ საღამოს 17:00 საათაზე იწურება.
მისი თქმით, დღეს ის ნიკა გვარამიას შეხვდა, რომელიც ბრალს არ აღიარებს.
„რაც შეეხება მდგომარეობას, ნორმალურად არის. თუ შეიძლება ნორმალური ეწოდოს ციხეში ყოფნას, მაშინ ფიზიკურად ნორმალურადაა“, - განაცხადა ჭაბაშვილმა.
მისივე თქმით, ზუსტად არ იცის, რა მუხლებით წაუყენებენ გვარამიას ბრალს, თუმცა ზეპირი ინფორმაციით, მას 393-ე და 238-ე მუხლებს ედავებიან, რაც ქრთამის აღებასა და ცრუ მეწარმეობაში დახმარებას ითვალისწინებს.
იუსტიციისა და განათლების ყოფილი მინისტრი, ამჟამად ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია გუშინ საღამოს დააკავეს.
დაკავებულს დიდი ოდენობით ქრთამის აღებასა და დანაშაულებრივ ქმედებაში ედება ბრალი. მისთვის ბრალის წარგენის ვადა ხვალ საღამოს იწურება.
რას ედავება გამოძიება ნიკა გვარამიას?
გააზიარე სტატია








