პარლამენტის საშემოდგომო სესია დასრულდა, რიგგარეშე სხდომები გაგრძელდება
პარლამენტის საშემოდგომო სესია დღეს ოფიციალურად დაიხურება. ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, პარლამენტი მუშაობას მომავალ კვირასაც – რიგგარეშე სხდომების ფორმატში გააგრძელებს.
დეპუტატები მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზე არიან გადასულნი და სხდომებს 17 დეკემბრიდან ყოველდღიურად მართავენ, თუმცა ინიცირებული კანონპროექტების ბოლომდე მიღება მაინც ვერ მოასწრეს.
შესაბამისად, პარლამენტის თავმჯდომარემ უმრავლესობის წევრები მომავალი კვირისთვის სესიების რიგგარეშე ფორმატში გაგრძელების თაობაზე ჩააყენა საქმის კურსში.
პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევის პრეროგატივა ერთმნიშვნელოვნად პრეზიდენტს გააჩნია, რა თხოვნითაც მას პარლამენტის თავმჯდომარემ ან პარლამენტის შემადგენლობის არანაკლებ ერთმა მეოთხედმა წერილობით უნდა მიმართოს. პრეზიდენტი რიგგარეშე სხდომის მოწვევის აქტს წერილობითი მოთხოვნის წარდგენიდან 48 საათის განმავლობაში გამოსცემს. უსუფაშვილის თქმით, თუ პრეზიდენტი რიგგარეშე სხდომას არ მოიწვევს ,ასეთ შემთხვევაში პარლამენტს შეუძლია მომდევნო 48 საათის განმავლობაში შეიკრიბოს.
საშემოდგომო სესიის დღევანდელ ბოლო სხდომაზე, დეპუტატები მიმდინარე კანონპროექტების განხილვა-დამტკიცების პროცესს განაგრძობენ. მათ შორისაა ამნისტიის შესახებ კანონპროექტიც, რომელსაც პარლამენტი ბოლო – III მოსმენით მიიღებს.
საშემოდგომო სესია სექტემბრის პირველ სამშაბათს იხსნება და დეკემბრის მესამე პარასკევს იხურება. საგაზაფხულო სესია კი იხსნება თებერვლის პირველ სამშაბათს და იხურება ივნისის ბოლო პარასკევს.