წერილი ციხიდან: ქვეყანაში შერჩევითი სამართალია, მაგრამ ბრძოლა გრძელდება!
ე. წ. ,,მატროსოვის“ ციხიდან ,,ქართული პარტიის“ წევრები, რომლებიც 11-ი დღე შიმშილობდნენ, განცხადებას ავრცელებენ ლევან ტერაშვილის, კახაბერ ტერაშვილისა და დავით შიუკაშვილის განცხადებას „ივერიონი“ უცვლელად გთავაზობთ:
,,მადლობას ვუხდით ყველა პოლიტპატიმარს, საპარლამენტო კომისიას, არასამთავრობო ორგანიზაციას, ჟურნალისტებს, რომლებმაც დაიკავეს სწორი პოზიცია ჩვენი პოლიტპატიმრებად აღიარების საკითხში.
სამწუხაროდ, გაუგებარი მიზეზების გამო, ადამიანის უფლებათა საპარლამენტო კომიტეტმა ჩვენი გვარები ამოიღო პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გასატანი და დასამტკიცებელი პოლიტპატიმრების სიიდან. აღნიშნულის გამო ჩვენ შიმშილობაც გამოვაცხადეთ, თუმცა ვხედავთ, რომ არც ჩვენს 11-დღიან შიმშილობას მიაქციეს ყურადღება მათ, ვისაც ამის უფლებამოსილება და ვალდებულებაც გააჩნდა. როგორც ჩანს, ჩვენს ქვეყანაში ჯერ კიდევ ხორციელდება შერჩევითი სამართალი. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააკაშვილის ხელისუფლების მიერ წლების მანძილზე დევნილი და ახალი ხელისუფლების მიერ ჯერ არაღიარებული პოლიტპატიმრები ვაცხადებთ, რომ ამ ეტაპზე ვწყვეტთ შიმშილობას და ბრძოლას ჩვენი პოლიტპატიმრებად აღიარებისთვის აუცილებლად გავაგრძელებთ ყველა სამართლებრივი მეთოდით, მათ შორის, საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებით“, - წერია განცხადებაში.