„გაი“ დაბრუნდა, სააკაშვილი ძველი მანქანით ივლის?!

„გაი“ დაბრუნდა, სააკაშვილი ძველი მანქანით ივლის?!

ახლა ქვეყანაში ყველაზე საინტერესო ის არის, რა ხდება პრეზიდენტის კარზე და საერთოდაც, როგორ არის ჩვენი პრეზიდენტი.  მიხეილ სააკაშვილი ჯერ კიდევ ამ ქვეყნისა და შესაბამისად, ჩვენი პრეზიდენტია. და, როცა ეს პრეზიდენტი ხელისუფლებასა და საკუთარ მოქალაქეებს ნიშნის მოგებითა და მუქარის ტონით ელაპარაკება, სავარაუდოდ, მართლაც ვერ არის კარგად საქმე პრეზიდენტის თავსა და კარზე. არადა, მის კარგად ყოფნაზე დიდწილად არის დამოკიდებული ქვეყნის ბედი და მომავალი.


ოქტობმრამდე პრეზიდენტს ბევრი რამის მოსწრება შეუძლია - კარგისაც და ცუდისაც. გავიხსენოთ, აგვისტოს ომის მოფიქრებას, დაგეგმვას, დაწყებას და დამთავრებას ჩვენმა პრეზიდენტმა მაქსიმუმ ხუთი დღე მოანდომა და ხომ წარმოგიდგენიათ, ერთ წელიწდში რა შეუძლია მოიფიქროს და გააკეთოს?! აბა, სააკაშვილს მოუსმინეთ?!


„არ ვაპირებ პოლიტიკური არენიდან გაქრობას და არც „ნაციონალურ მოძრაობას“ ემუქრება ეს საფრთხე. დიდი ხანია მესმის „ნაციონალური მოძრაობის“ განადგურების ოცნება, რაც არ მოხდება. პირიქით, გპირდებით, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ უფრო გაფართოვდება და ბრძოლას და რეფორმებს ბოლომდე მიიყვანს. მე არც პოლიტიკას დავტოვებ და არც ქვეყანას“.


ნეტავ, რას აპირებს? კი, თქვა, ბატონმა პრეზიდენტმა, წასვლას არ ვაპირებო, მაგრამ რაღაც დამაჯერებელი ვერ იყო. ვითომ, თავადვე სჯერა საკუთარი ნათქვამის? პირობას არა მარტო  დებენ, იმას ასრულებენ კიდეც. აქამდე მისი  არც ერთი დაპირება არ შეისრულებულა და რაღა მაინცდამაინც ამ შემთხვევაში აღმოჩნდება პრეზიდენტი სიტყვის კაცი?


ახალი ხელისუფლება კი ამის იმედად არ უნდა იყოს, რა იცი, რა ხდება. ვაი და, შეასრულოს პრეზიდენტმა სიტყვა?! სიტყვა იქით იყოს და მას საქმით მართლაც შეუძლია ბევრი რამის შეცვლა. მის ხელთ არსებული ლეგიტიმური ბერკეტები ჯერ კიდევ მუშაობს და არავინ იცის, რა დროს გამოიყენებს მას. თუმცა, რაღაცები უკვე გაამხილა: თუ პარლამენტი იუსტიციის სამინისტროს მიერ შეთავაზებულ კანონპროექტს სასამართლოებთან დაკავშირებით მიიღებს, პრეზიდენტი ვეტოს უფლებას გამოიყენებს. 


„სასამარლოს ართმევენ დამოუკიდებლობის ყველა ატრიბუტს“, - წუხს პრეზიდენტი. არადა, სად გააჩნდა მის რეფორმირებულ სასამართლოს დამოუკიდებლობის თუნდაც ერთი ატრიბუტი, რომ მერე ამათ წაერთმიათ? კიდევ კარგი, თავადვე აღიარებს, რომ საქართველოს სასამართლო არ იყო იდეალური და იყო ბევრი ხარვეზი.


მაგრამ ჩვენი პრეზიდენტი რის მიხეილ სააკაშვილია, თუ ერთი თავად აღიარა და ათასი პრეტენზია იდეურ მოწინააღმდეგეს არ წაუყენა? 


ძალოვან უწყებებში ქრთამისთვის გაგდებული ჩინოვნიკები დააბრუნეს. ლაშა ნაცვლიშვილი მთავარი კორუმპირებული, ალეკო ტაბატაძე კი მთავარი ნარკოტრეფიკიორი იყო საქართველოში“, - ამბობს პრეზიდენტი.


ვინ დაიჯერებს ახლა ამას? რამდენადაც ცნობილია, კორუფციაც და მით უმეტეს, ნარკოტრეფიკი სისხლის სამართლის დანაშაულია და ის კანონით უმკაცრესად ისჯება. თუ ასეთი ადამიანები ქვეყანაში იყვნენ და მათ შესახებ თავად პრეზიდენტისთვის ყოფილა ცნობილი, სად ჩანს ხელისუფლების პასუხისმგებლობა და ვალდებულება? ასეთი ადამიანები წესით,  ციხეში უნდა ისხდნენ. ჩნდება ლოგიკური კითხვები: ბატონო პრეზიდენტო, რატომ არ დაიჭირეთ ნაცვლიშვილი და ტაბატაძე? იცოდით მათი დანაშაული და აპატიეთ? აპატიეთ და დღეს რომ ეს ადამიანები ხელისუფლებაში არიან, თქვენი დამსახურება ყოფილა მხოლოდ და მხოლოდ. რა ვიცი, ლოგიკურად ასე გამოდის. 


თუმცა,  ჩევნი პრეზიდენტი ლოგიკას არ ცნობს, შესაბამისად, მისი განცხადებების უმეტესობა პასუხისმგებლობას არის მოკლებული, უფრო მეტიც მის ნათქვამთა უმეტესობა, უბრალოდ, სიმართლე არ არის.


აბა, ვინ დაუჯერებს, როცა ამბობს ყველაზე მეტი თავისუფალი ტელევიზია, პოსტსაბჭოთა სივრცეში, სწორედ ჩემი პრეზიდენტობის დროს გაიხსნაო?! თუ მას ავიწყდება, ჩვენ, ჟურნალისტებს მაინც გვახსოვს, როგორ გაქრა მისი პრეზიდენტობის დროს რამდენიმე დამოუკიდებელი ტელევიზია, დაიხურა გაზეთები და სრული კონტროლი დამყარდა მედიაზე. ტელეკომპანია „იმედზე“ აღარაფერს ვამბობ, რადგან აქ განვითარებული მოვლენები დიქტატურის დამყარების კლასიკურ მაგალითად იქცა პოსტსაბჭოთა ქვეყნებისთვისაც კი.


ვერ შემაშინებთო, - უთვლის პრეზიდენტი ახალ ხელისუფლებას. წამართვით ყველა მანქანა და დაცვა. დედაჩემს ჰყავს ერთი ძველი მანქანა, გამოვართმევ და იმითი ვივლიო, - ამბობს პრეზიდენტი თან იხტიბარს არ იტეხავს, საჭე მომენატრა მაინცო. თუმცა, მაინც არ უმართლებს პრეზიდენტს, საჭესთან მჯდომს გზაზე რომ ძველი „გაი“ დახვდება, რა უნდა ქნას? თვითონვე თქვა, პოლიცია „გაის“ დაემგვანაო. ამას რომ ამბობს, სჯერა ვითომ თვითონვე?


ისე, საინტერესოა, რისი არ ეშინია ჩვენს პრეზიდენტს? ვისაც ერთხელ მაინც უნახავს პრეზიდენტის ესკორტი, მისი დაცვა და რაც მთავარია, დაცვის მეთოდები, ძნელად დაიჯერებს, რომ მიხეილ სააკაშვილი ქუჩაში ძველი მანქანის საჭესთან, დაცვის გარეშე ივლის. მით უმეტეს, თუ ტრასაზე მას პატრულის ნაცვლად, „გაი“ დახვდება. ნუ, თავმოყვარე ქვეყნის ხელისუფლება პრეზიდენტის დაცვისა და მანქანის გარეშე დატოვებას ისედაც არ დაუშვებს, მაგრამ აქ ეს არ არის მთავარი, მთავარია,  რომ  პრეზიდენტს ჯერ კიდევ სჯერა (და, დიდი ალბათობით, არც თუ უსაფუძვლოდ), რომ მის ამ ნათქვამს დაიჯერებენ და ქართველი კაცის მიმტევებელი ბუნებიდან გამომდინარე, მას უთანაგრძნობენ კიდეც. ჩვენ ხომ უმეტესად, დაჩაგრულის მხარეს ვართ!


მეორე მომენტიც არის, ამ განცხადებით სააკაშვილი ცდილობს, ხაზი გაუსვას ახალი ხელისუფლების თავგასულობასა და საკუთარ მოკრძალებულსა და ამავე დროს, გამბედავ ხასიათს. აბა, რა, სად ჰყავდა დაცვა გორში, სადაც ის რუსულმა ბომბდამშენებმაც რომ ვერ „შეაშინეს“, ან სად ჰყავდა ის, მაშინ, როდესაც ქუთაისის „ნაციონალთა“ ოფისის ფანჯრიდან პროტესტანტებს გამოაპარეს? არ მინდოდა ამ ამბების კიდევ ერთხელ გახსენება, მაგრამ თავად გვახსენებს ხშირ-ხშირად საკუთარ უდრეკ ხასიათს და...


რაც მთავარია, ქვეყნის პირველი პირი, პრეზიდენტი, მთავარსარდალი მიხეილ სააკაშვილი მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს: არ დაემორჩილონ ხელისუფლების უკანონო ბრძანებებს! ეს უკვე მხოლოდ უპასუხისმგებლო, ან მხოლოდ კუთხეში მიმწყვდეული პრეზიდენტის სიტყვები აღარაა, ეს პანიკა და შიშია, რაც მხოლოდ ერთი კაცის, თუნდაც პრეზიდენტის პრობლემას სცდება - ეს ქვეყნის პრობლემაა და ამდენად, ახალი ხელისუფლებისთვის გამოწვევები არ დამთავრებულა, ის მხოლოდ ახლა იწყება. იმედია, ყბადაღებული კოჰაბიტაციის მიუხედავად, ახალ ხელისუფლებას ეყოფა ძალა და გამბედაობა, პრინციპულ საკითხებში არ დათმოს და ქვეყანაში გავლენის სფეროები და სახელმწიფოებრიობის საყრდენ მექანიზმებსა და ინსტიტუტებზე გავლენა შეინარჩუნოს. ხოლო პრეზიდენტი, რომელიც ასეთ მოწოდებებს არიგებს, უბრალოდ აჭარბებს საკუთარ კომპეტენციაშიც კი და იმედია, მისი მმართველობის 10 წლიან პერიოდში ეს  ყველაზე მოკრძალებული „უფლებამოსილების გადაჭარბება“ აღმოჩნდება. სწორედაც, რომ აღმოჩნდება, რადგან ყველაფერი იმ დიდი აღმოჩენისკენ მიდის, რასაც ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ, სიმართლის გარკვევა და მტყუან-მართლის გამოვლენა დაერქმევა. ამის მოლოდინი აქვს საზოგადოებას და ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ ამას ელის პრეზიდენტიც! 


P.S. მისტიკა ბოლო დღეებში ერთ-ერთი აქტუალური თემა იყო. ვიღაცას სჯეროდა, რომ დღეს სამყაროს აღსასრული იქნებოდა. ამიტომ ბევრმა (პრეზიდენტმაც) ის თქვა და გააკეთა, რასაც ჩვეულებრივ არ აკეთებენ ხოლმე. მაგრამ, სამყარო ამჯერადაც გადარჩა, შესაბამისად, მიხეილ სააკაშვილის მიერ წუხელ ნათქვამი ყველა სიტყვა ძალაში რჩება!


დღეს 21 დეკემბერია - სტალინის, მიხეილ სააკაშვილისა და ირაკლი ალასანიას დაბადების დღე! მოდი და ნუ იტყვი, არაფერი არსებობს და მისტიკაც ბლეფიაო. რაღა ამ ერთ დღეს დაიბადა ამ ქვეყნის  წარსული (სტალინი), აწმყო (სააკაშვილი) და... იქნებ, მომავალიც?..


თეა ბარამაშვილი

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: