„ჩისტკა“ ვალერი გელაშვილის ბრძანებით და „დაჩაგრული“ მევლუდ ხაჩიძე
გოგა ხაჩიძის მამა ხაშურის სპორტსკოლის დირექტორის მოადგილის თანამდებობიდან გაანთავისუფლეს.
დეპუტატი განმარტავს, რომ მამამისის გათავისუფლების ბრძანება ხაშურის მაჟორიტარმა დეპუტატმა ვალერი გელაშვილმა გასცა. „ვალერი გელაშვილმა დაიბარა სპორტსკოლის დირექტორი, მოითხოვა თანამშრომლების სია, აიღო "რუჩკა" და 8 კაცი გადახაზა. მერე 2 შეიწყალა და საბოლოოდ 6 კაცი გაანთავისუფლა სამსახურიდან. ერთ თვეში ყველამ ჩააბარეთ ბრძანებები გათავისუფლების შესახებო“, - ამბობს გოგა ხაჩიძე.
„რასაც ხაჩიძე ამბობს, სიცრუეა. არც კი ვიცი, მამამისი სად და რაზე მუშაობდა“, _ განუცხადა „ივერიონს“ ვალერი გელაშვილმა.
ამის მიუხედავად, გელაშვილი ადასტურებს, რომ სხვადასხვა სამსახურებიდან ხალხის გაშვება მისი დავალებით მოხდა, თუმცა იქვე განმარტავს, რომ განთავისუფლდნენ მხოლოდ ფორმალურად გაფორმებული თანამშრომლები. „წინასაარჩევნოდ რაიონის სხვადასხვა სამსახურებში დამატებითი შტატები გაჩნდა და იქ „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები, მხარდამჭერები და „მათი საქმის გამკეთებლები“ დასაქმდნენ. „ეს ადამიანები, ფაქტობრივად, ფულს არაფერში იღებდნენ“, - აცხადებს გელაშვილი.
გელაშვილის თქმით, მან ახლობლისგან გაიგო, რომ ხაშურში წინასაარჩევნოდ სხვადასხვა სამსახურებში ხალხი აიყვანეს. „დავინტერესდი ამ საკითხით და აღმოჩნდა, რომ ბევრი ადამიანი მართლაც ფორმალურად იყო გაფორმებული სამსახურში და ხელფასს ტყუილად იღებდა. მარტო გამგეობაში 160 კაცი მუშაობდა, რაც საჭირო სულაც არ იყო. თანაც 500-500 ლარი ჰქონდათ ხელფასი. ამ გადაწყვეტილებით, უამრავი რესურსი გამოთავისუფდება, რაც რაიონს საშუალებას მისცემს სხვა მიმართულებით წარმართოს იგი“, - აცხადებს გელაშვილი.
მისივე თქნით, ერთ პატარა სპორტსკოლას ადმინისტრაციაში 15 თანამშრომელი არ სჭირდება, ამიტომ ამბობს, რომ დირექტორს კადრების ოპტიმიზაცია მოსთხოვა, თუმცა ხაჩიძის მამის შესახებ ამბობს, რომ არაფერი იცის.
„ნაციონალებმა“ წინასაარჩევნოდ საკუთარი მეგობრები და ნათესავები დანიშნეს სხვადასხვა თანამდებობებზე. დავიბარე სამსახურების უფროსები და ამ ადამიანების განთავისუფლება მოვთხოვე. თუ ხაჩიძის მამაც აქ მოხვდა, ეს ჩემი ბრალი არ არის. ამიერიდან ყველა სამსახურში კონკურსის წესით დაინიშნებიან. ვინც უკეთესია, მნიშვნელობა არ ექნება, რომელი პარტიის წევრი და მხარდამჭერი იქნება ის, სამსახურში დანიშვნაზე პრობლემა არ ექნება“, - ამბობს გელაშვილი.