რა სიყალბე დაგეგმა ზურაბ ადეიშვილმა
საქართველოს პროკურატურა სასჯელაღსრულების დაწესებულებებში პატიმართა მიმართ არაადამიანური მოპყრობის ფაქტებზე გამოძიების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას სიყალბეს უწოდებს.
როგორც პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, შსს-მ 18 სექტემბერს გაავრცელა ინფორმაცია და ვიდეომასალა, რომლის თანახმადაც, მე-8 საპყრობილის უსაფრთხოების განყოფილების უფროსი ლევან ფურცხვანიძე, ოპერატიული მორიგე ინსპექტორი ვლადიმერ ბედუკაძე და მათი გავლენის ქვეშ მყოფი რამდენიმე პირი, წინასწარ შემუშავებული დანაშაულებრივი გეგმის შესაბამისად, პატიმართა მიმართ არაადამიანურ მოპყრობას ახორციელებდნენ.
განცხადების თანახმად, შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, პატიმართა მიმართ არაადამიანური მოპყრობა და ვიდეოფირზე დაფიქსირება დაკვეთით, პატიმარ თამაზ თამაზაშვილის მეშვეობით, სოლიდური ფულადი ანაზღაურების სანაცვლოდ ხდებოდა.
ამავე ინფორმაციით, ლევან ფურცხვანიძის სამუშაო კაბინეტის ჩხრეკისას პატიმართა მიმართ არაადამიანური მოპყრობის ამსახველი ვიდეოფირი და 17 000 აშშ დოლარი ამოიღეს. შესაბამისად დანაშაული გახსნილად გამოცხადდა.
„რეალურად, აღნიშნული სიყალბეა, ვინაიდან სინამდვილეში, 2012 წლის სექტემბრის დასაწყისში, საქართველოს იუსტიციის იმდროინდელი მინისტრის ზურაბ ადეიშვილისთვის ცნობილი გახდა, რომ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-8 დაწესებულების ყოფილმა თანამშრომელმა ვლადიმერ ბედუკაძემ, პატიმრების ცემისა და წამების ამსახველი კადრები ევროპის ერთ-ერთ ქვეყანაში გაიტანა, სადაც ევროპელი უფლედამცველებისა და მედიის წინაშე მათ დემონსტრირებას გეგმავდა“, - აღნიშნულია განცხადებაში.
პროკურატურის ინფორმაციით, მოსალოდნელი პოლიტიკური სკანდალის თავიდან აცილების მიზნით, ზურაბ ადეიშვილმა გადაწყვიტა მოვლენებისთვის დაესწრო და სასაჯელაღსრულების დეპარტამენტის იმჟამინდელ ხელმძღვანელთან, დავით ჭაკუასთან ერთად სპეციალური დანაშაულებრივი გეგმა შეიმუშავა.
აღნიშნული სქემის თანახმად, #8 იზოლატორის თანამშრომლებს, კერძოდ კი ვლადიმერ ბედუკაძესთან დაახლოებულ პირებს - ლევან ფხალაძეს და ბორის ფარულავას (მეტსახელად "ბასტის" და "ბუბუს") ციხეში უნდა ეცემათ და ეწამებინათ პატიმრები, ყოველივე ამის ამსახველი კადრები კი, რასაც ფარულად ჩაიწერდნენ, საზოგადოებისთვის იმდროინდელი ოპოზიციური პოლიტიკური გაერთიანების - „ქართული ოცნების“ შეკვეთად წარედგინათ.
„დავით ჭაკუამ, თავის მხრივ, ამავე დაწესებულების თანამშრომელი ლევან ფურცხვანიძე დაიყოლია, რომელმაც 18 სექტემბერს, გამთენიისას, ფხალაძისა და ფარულავას დანაშაულზე პროვოცირება მოახერხა, მათ მიერ პატიმართა ცემისა და წამების კადრები ფარულად გადაიღო და საჯაროდ განაცხადა, რომ ,,ქართული ოცნების" წარმომადგენლებმა, ვლადიმერ ბედუკაძის მეშვეობით, 40 000 აშშ დოლარის სანაცვლოდ, ციხეში პატიმრების ცემა და წამება შეუკვეთეს“, - აცხადებენ პროკურატურის წარმომადგენლები.
მათივე თქმით, შს სამინისტრომ, 2012 წლის 18 სექტემბერს, სწორედ ეს განცხადება და სხვა წინასწარ გაყალბებული მტკიცებულებები გაავრცელა, რის შემდეგაც ფურცხვანიძე, ფხალაძე და ფარულავა დააკავეს.
მტკიცებულებათა ნაწილი, მოწმეთა ჩვენების სახით, რომელთა გასაჯაროება გამოძიებამ ამ ეტაპზე შესაძლებლად მიიჩნია, მთავარი პროკურატურის ვებგვერდზე გამოქვეყნდება.
პროკურატურის ინფორმაციით, საქმესთან დაკავშირებით გამოძიება გრძელდება.