„საზოგადოებრივ მაუწყებელზე“ 260 „მკვდარი სული“ აღმოაჩინეს

„საზოგადოებრივ მაუწყებელზე“ 260 „მკვდარი სული“ აღმოაჩინეს

„საზოგადოებრივ მაუწყებელზე“ 260 ისეთი ადამიანია გაფორმებული, რომლებიც მხოლოდ ხელფასს იღებენ და სამსახურში საერთოდ არ დადიან.


ამის შესახებ „ივერიონს“ არხის ერთ-ერთმა ჟურნალისტმა განუცხადა. მისი თქმით, „მკვდარი სულების“ უმეტესობა „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ხელმძღვანელთა, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერთა ნათესავ-მეგობრები, ასევე, ყოფილი მმართველი პარტიის მხარდამჭერი შოუ-ბიზნესის წარმომადგენლები არიან.


აღნიშნული ინფორმაცია თავად არხის ჟურნალისტებმა მოიპოვეს და მერე „საზოგადოებრივ მაუწყებელში“ შესულ ფინანსთა სამინისტროს სარევიზიო ჯგუფის წევრებს მიაწოდეს. შესაძლებელია, აღნიშნულ ფაქტებთან დაკავშირებით, საქმეში ფინანსური პილიცია ჩაერთოს.


„ჩვენს ტელევიზიაში 500 კაცის შემცირებით ჯერ გიორგი ჭანტურია იმუქრებოდა. ახლა, იმავეს აპირებს გიორგი ბარათაშვილი, რომელიც, წინასწარი ინფორმაციით, „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ გენერალური დირექტორი გახდება. თუ კადრების შემცირება აუცილებელია, მაშინ ჯერ ეს 260 „მკვდარი სული“ გაუშვან არხიდან - მათ კონტრაქტები შეუწყვიტონ და შემდეგ შეამცირონ ის ადამიანები, ვინც თავდაუზოგავად, მიზერულ ხელფასზე მუშაობს. იმასაც მოგახსენებთ, რომ ამ „მკვდარ სულებს“ ნებისმიერ ჟურნალისტზე და რეჟისორზე უფრო მაღალი ხელფასი აქვთ“, - განუცხადა „ივერიონს“ ჟურნალისტმა.


მისი ინფორმაციით, 260 „მკვდარი სულის“ ყოველთვიური ხელფასი, დაახლოებით, 300 000 ლარზე მეტს შეადგენს, რაც წლიურად 3.6 მილიონ ლარზე მეტია.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: