დავით საყვარელიძე: ასეთი ნათელი ადამიანების დაკავება ადვილი არ არის
საპარლამენტო უმცირესობის წევრი დავით საყვარელიძე დაკავებული ყოფილი მაღალჩინოსნებისთვის გირაოს შეფარდების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილებას სამართლიანს უწოდებს.
როგორც მან საქალაქო სასამართლოსთან ჟურნალისტებს განუცხადა, ბრალდების მხარემ როგორც დაცვის მხარის, ასევე ე.წ. ბრალდებულების ვერანაირ კრიტიკას ვერ გაუძლო.
მისი თქმით, სახეზე დანაშაული ნამდვილად არ არის და საუბარი პოლიტიკურ დევნაზეა.
„ხუთი ასეთი ნათელი და წარმატებული ადამიანის დაკავება და მათი ციხეში ჩასმა ადვილი არ არის. სასამართლომ ნამდვილად სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღო“, - განაცხადა საყვარელიძემ.
საპარლამენტო უმცირესობის წევრი გიგი წერეთელი მიიჩნევს, რომ საქმესთან დაკავშირებული მტკიცებულებები სუსტია.
მისი თქმით, ბრალდების მხარემ საქმის ძირითადი ვითარება ზუსტად ვერ წარმოადგინა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, დაკავებულ ყოფილ მაღალჩინოსნებს გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლებენ.
სასამართლომ დაკავებულ ნიკა გვარამიას, ალექსანდრე ხეთაგურსა და კახა დამენიას აღმკვეთი ღონისძიების სახით 30 000 ლარის, ხოლო იზაბელა გუტიძეს და გიორგი ნემსიწვერიძეს 15-15 000 ლარის ოდენობის გირაოს გადახდა შეუფარდა.
მოსამართლის გადაწყვეტილებით, დაკავებულები აღნიშნული თანხის გადახდისთანავე გათავისუფლდებიან.