ეკლესია ხვალ მეფე ვახტანგ III-ის ხსენების დღეს აღნიშნავს
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ხვალ წმინდა მეფე ვახტანგ III-ის ხსენების დღეს აღნიშნავს.
როგორც „ივერიონს“ საპატრიარქოში განუცხადეს, დღესასწაულთან დაკავშირებით ყველა მართლმადიდებელ ტაძარში საზეიმო წირვა-ლოცვა აღევლინება.
ვახტანგ III 1302-1308 წლებში მეფობდა. დემეტრე II თავდადებულის ძე მეფედ ყაზან ყაენმა დავით VIII-ის აჯანყების დროს დაამტკიცა და ამით მას დაუპირისპირა.
ვახტანგ მესამეს საშინლად მძიმე მდგომარეობაში მოუხდა ქვეყნის მართვა, თუმცა იგი ქვეყანაში არსებული უმძიმესი მდგომარეობის გამოსწორებას ყველანაირად ცდილობდა.
მეფე ვახტანგის ქართული ჯარით პალესტინაში ლაშქრობების დროს, მონღოლებმა ქართველებს იერუსალიმში განსაკუთრებული უფლებები მიანიჭეს. იმ დროს ვახტანგმა იერუსალიმის ჯვრის ქართველთა მონასტერს დიდი შესაწირავი შესწირა. ვახტანგის ღვაწლით იერუსალიმში ქართული მონასტრების ავტორიტეტი კიდევ უფრო გაძლიერდა.
იერუსალიმის ქართველ დედათა მონასტერში ვახტანგის მეუღლე, რიფსიმეს სახელით, მონაზვნად აღიკვეცა.
ვახტანგ III ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ წმინდანადაა შერაცხული. მისი ხსენების დღე, ახალი სტილით, 23 დეკემბერია.
„ქართლის ცხოვრების“ მიხედვით, ვახტანგი დმანისის სიონშია დაკრძალული.