ნატო ონიანი: საქართველოში "საზოგადოებრივი მაუწყებელიც" პოლიტიზირებულია

ნატო ონიანი: საქართველოში "საზოგადოებრივი მაუწყებელიც" პოლიტიზირებულია

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის ვაკანტურ თანამდებობაზე განაცხადების შეტანის ვადა დასრულებულია. ბორდმა მეორე ეტაპისთვის უკვე შეარჩია 5 კანდიდატურა, რომელთაგან ერთ-ერთი იქნება არხის გენერალური დირექტორი. თუ თვალს გადავავლებთ, შემოსულ განცხადებებს, ძალიან ბევრ ისეთი ადამიანის სახელს და გვარს წავიკითხავთ რომელსაც, ჟურნალისტიკასთან, კერძოდ კი ტელევიზიასთან შეხება არასდროს ჰქონიათ.


"საზოგადოებრივ მაუწყებელში" არსებულ მდგომარეობაზე, გენერალური დირექტორის არჩევნებზე და ტელევიზიის ბორდის ცვლილების შესაძლებლობაზე, "ივერიონმა" კომენტარი ცნობილ ჟურნალისტს, ანალიტიკოსს ნატო ონიანს სთხოვა.


-ქალბატონო ნატო, როგორ შეაფასებთ "საზოგადოებრივ მაუწყებელში" ბოლო პერიოდში მიმდინარე მოვლენებს, გია ჭანტურიას გადადგომას და ახალი გენერალური დირექტორის არჩევნებს?


-"საზოგადოებრივი მაუწყებელი" რეალურად რომ არ ფუნქციონირებს_ფაქტია. როცა, ტელევიზიას დაფინანსება არ აქვს მოსაძიებელი, შედეგები უნდა იყოს გაცილებით მაღალი, ვიდრე ახლაა. გია ჭანტურიას გადადგომა და არჩევნების დანიშნვა, მოსალოდნელი იყო.


-მიუხედავად იმისა, რომ "საზოგადოებრივი მაუწყებლის" გენერალური დირექტორის ვაკანტურ თანამდებობაზე ძალიან ბევრი განაცხადი შემოვიდა, საზოგადოების ნაწილში გაჩნდა მოსაზრებები, რომ ახალ გენდირექტორამდე, ჯერ ტელევიზიის ბორდი უნდა შეიცვალოს. როგორ ფიქრობთ, რამდენად მნიშვნელოვანია ბორდის შეცვლა არჩევნების სამართლიანად ჩასატარებლად?


- თუ ითვლება, რომ "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ბორდი დანიშნულია პოლიტიკური ნიშნით, რასაკვირველია უნდა შეიცვალოს და ამ პროცესებში საზოგადოებრივი სექტორის მაქსიმალურად ჩართვა უნდა მოხდეს.


_თქვენ მრავალი წელი გიმუშავიათ "საზოგადოებრივ მაუწყებელზე" –მაშინდელ I არხზე და კარგად იცით ის პრობლემები, რომლებიც წლების მანძილზე დაგროვდა. როგორ ფიქრობთ, რაში მდგომარეობს ტელეკომპანიის ძირითადი პრობლემა _იმაში, რომ ტელევიზიას არ ჰყავს კარგი მენეჯერი, თუ არ ჰყავს პროფესიონალი ჟურნალისტები?


-ადამიანები არ უნდა შეირჩნენ მხოლოდ იმის გათვალისწინებით, თუ რომელი პოლიტიკური ძალის წარმომადგენლები არიან. პირველ რიგში მათი პროფესიონალიზმის გათვალისწინება უნდა მოხდეს. ტელევიზია-ეს არ არის ჩვეულებრივი ბიზნესი. ტელევიზია ძალიან სპეციფიური ორგანიზაციაა და მე ვთვლი რომ, ვისაც ტელევიზიასთან ექნება შეხება, ძალიან კარგად უნდა იცოდეს მისი  სპეციფიკა. საზოგადოებაში არ უნდა ჩნდებოდეს კითხვები, თუ რატომ დაინიშნა, ესა თუ ის პიროვნება "საზოგადოებრივი მაუწყებლის" გენერალურ დირექტორად. "საზოგადოებრივ მაუწყებელში" იმდენად პროფესიონალი ჟურნალისტების პრობლემა არ არის, რამდენადაც კარგი მენეჯმენტის. სამწუხაროდ, ეს არ არის ბოლო პერიოდში წარმოჩენილი პრობლემა, უკვე მრავალია წელია "საზოგადოებრივ მაუწყებელში" ასეთი მდგომარეობაა.


-თქვენი აცხადებთ, რომ "საზოგადოებრივ მაუწყებელში" პროფესიონალი კადრების პრობლემა არ არის. განაცხადი ძალიან ბევრი ისეთ ადამიანს აქვს შეტანილი, რომელსაც ჟურნალისტიკასთან საერთოდ არ აქვს კავშირი. როგორ ფიქრობთ, ახალი გენერალური დირექტორი კარგი მენეჯერი უნდა იყოს, თუ კარგი ჟურნალისტი?


-როცა ტელევიზიაში მენეჯმენტის პრობლემა გადაწყდება, მაშინ ბევრი ისეთი ადამიანი გამოჩნდება, რომელმაც იცის, როგორ აკეთოს თავისი საქმე კარგად. ის, რომ "საზოგადოებრივი მაუწყებლის" გენერალური დირექტორის ვაკანტურ თანამდებობაზე ძალიან ბევრ ადამიანს აქვს განაცხადი შეტანილი, იმაზე მეტყველებს, რომ საზოგადოება სერიოზულად არ აღიქვამს იმ პასუხისმგებლობას, რომელიც აღნიშნულ თანამდებობაზე მყოფს ეკისრება. ეს ჩემთვის ძალიან სამწუხაროა. კარგი ჟურნალისტი, კარგ ხელმძღვანელს არ ნიშნავს. მაგრამ, ვისაც "საზოგადოებრივი მაუწყებლის" დირექტორად აირჩევენ, გარკვეული შეხება და წარმოდგენა უნდა ჰქონდეს ტელევიზიის სპეციფიკასთან. მან კარგად უნდა იცოდეს ტელევიზიის შიდასამზარეულო და არ არის აუცილებელი, რომ კარგი ჟურნალისტი იყოს. ახალი დირექტორი პარტიის, ან რომელიმე კონკრეტული ადამიანის დაკვეთას და მითითებას არ უნდა ასრულებდეს. ადვილია იმის დადგენა, თუ რას უნდა აშუქებდეს საზოგადოებრივი მაუწყებელი. ამისთვის არსებობს საზოგადოებრივი კვლევები, რომლის მიხედვითაც დადგინდება საზოგადოების პრიორიტეტები და ინტერესის სფეროები. "საზოგადოებრივი მაუწყებელი" უნდა აკმაყოფილებდეს არა ხელისუფლების ან ოპოზიციის ინტერესებს, არამედ, ყველას ინეტერესებს ერთად. ეს ტელეკომპანია ხალხის ფულით ფინანსდება და პირველ რიგში მის ინტერესებს უნდა იცავდეს, რაც სამწუხაროდ, ასე არ არის. ტელეარხზე არსებობს ცალკეული კარგი გადაცემები, მაგრამ საერთო ფონი ცუდია.


_ქალბატონო ნატო, მედიაექსპერტები და საზოგადოების ნაწილი ხშირად გამოთქვამს მოსაზრებას იმის შესახებ, რომ პირველ რიგში "საზოგადოებრივი მაუწყებლის" საინფორმაციო გამოშვებები უნდა შეიცვალოს, რადგან ძალიან ტენდენციურია. რამდენად ეთანხმებით ამ მოსაზრებას?


-ზოგადად, საინფორმაციო გამოშვევებთან დაკავშირებით მე განსხვავებული დამოკიდებულება მაქვს. "საზოგადოებრივი მაუწყებლის" საინფორმაციო გამოშვებები წინასაარჩევნო პერიოდში გარკვეულწილად დაბალანსებული იყო. საინფორმაციო სამსახური ტელევიზიებისთვის  "აქილევსის ქუსლია". ხელისუფლებისა თუ საზოგადოების გარკვეული ჯგუფები ობიექტურად მიიჩნევს საინფორმაციო გამოშვებებს იმ შემთხვევაში, თუ ის მათ ინტერესებს შეესაბამება. საინფორმაციო სამსახურთან ყველას თავისი მოთხოვნები აქვს და ამიტომ, შეუძლებელია ყველას ინტერესები იყოს გათვალისწინებული. ძალიან ცუდია, რომ დღევანდელი საინფორმაციო გამოშვებები ორიენტირებულია მარტო თბილისზე და პოლიტიკოსების განცხადებების გაშუქებაზე.  რამდენი ხანია, საინფორმაციო გამოშვებებში რიგითი დამიანის პრობლემა არ ყოფილა გაშუქებული, იგივე მდგომარეობაა რეგიონებთან დაკავშირებითაც. თუ რაღაც საშინელება არ ხდება ან ხალხმა ერთმანეთი არ დახოცა, სხვა შემთხვევაში რეგიონებს არ აშუქებენ. საზოგადოების ფართო მასების ინტერესებს, არა მხოლოდ "საზოგადოებრივი მაუწყებლის" არამედ სხვა ტელეკომპანიების საინფორმაციო სამსახურიებიც ვერ გამოხატავენ.


-თქვენ ძალიან დიდი ხანი მუშაობდით "საზოგადოებრივ მაუწყებელზე", საინტერესოა, რატომ არ მიიღეთ მონაწილეობა გენერალური დირექტორის არჩევნებში?


-ჩემი სახელით განცხადება შეიტანეს, მაგრამ მე დავრეკე და ამოვაღებინე ჩემი გვარი სიიდან. მე მაქვს ჩემი საქმე და არანაირი სურვილი და პრეტენზია არ მაქვს გენერალურ დირექტორობაზე. დღევანდელი მდგომარეობის გათვალისწინებით, ვერ ვხედავ ვერავითარ აზრს აღნიშნულ არჩევნებში მონაწილეობაზე, რადგან საქართველოში ყველა სფერო, ძალიან პოლიტიზირებულია. ასეთ პირობებში, ამ ტელევიზიის მართვა ძალიან რთულია. ჩემთვის გაუგებარია, როცა კანდიდატების სიას გადავხედე, რატომ წარმოუდგენიათ მათ ასე ადვილად "საზოგადოებრივი მაუწყებლის" მართვა. მე რამდენიმე ადამიანზე მიფიქრია, რომლებსაც, გუნდურად შეუძლიათ ეს ტელევიზია კარგად მართონ, იმიტომ რომ, ისინი პატიოსნები არიან, მაგრამ სამწუხაროდ, არც ერთ მათგანს არ შეუტანია განაცხადი.

 

ესაუბრა ირმა ჭარაქაშვილი

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: