არჩილ კბილაშვილი: ერთ თვეში გირგვლიანის საქმეს გახსნილად გამოვაცხადებთ
"გირგვლიანის საქმეში გამოიკვეთნენ პირები, ვისაც საზოგადოება არ იცნობს. საქმეში ახალი პირები არიან ინციდენტამდე პერიოდშიც და მის შემდგომაც".
ამის შესახებ საქართველოს მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა „კვირის პალიტრასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.
პროკურორის თქმით, გირგვლიანის საკითხი დიდი სისწრაფით მიდის წინ. "შარდენ ბარის" მზარეულის დამხმარეც კი დავკითხეთ, რომ ყველა ნიუანსი გავარკვიოთ. მე და ჩემს მეგობრებს რომ ამ საქმის გაძღოლის უფლება მოგვეცა, ისტორიული შანსია და ვცდილობთ, მას ღირსეულად გავართვათ თავი“, - ამბობს კბილაშვილი.
მთავარი პროკურორი ჟვანიას საქმეზეც საუყბრობს და აცხადებს, რომ ეს საქმე გაცილებით რთულია. „რამდენიმე ვერსიაა და თითოეულს ვამოწმებთ. გირგვლიანის საქმე წინ გაუსწრებს ჟვანიას საქმის გამოძიებას. ახლო მომავალში, დაახლოებით ერთ თვეში, გირგვლიანის საქმეს გახსნილად გამოვაცხადებთ. გირგვლიანის საქმეში გამოიკვეთნენ პირები, ვისაც საზოგადოება არ იცნობს. საქმეში ახალი პირები არიან ინციდენტამდე პერიოდშიც და მის შემდგომაც. ეს საქმე თითქმის გახსნილია, მხოლოდ მისი დახვეწა, ყველა მტკიცებულების გადამოწმებაა საჭირო“, - აცხადებს გენერალური პროკურორი.