რას აიძულებენ ვანო მერაბიშვილს?
"შუშის შენობაში ყოფნა სჯობდა, მაგრამ ახლაც არა მაქვს ცუდი კაბინეტი. მესამედ ვარ ოპოზიციაში და ეს ჩემთვის უჩვეულო მდგომარეობა არ არის". აცხადებს „კვირის პალიტრასთან“ საუბრაში "ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივანი ვანო მერაბიშვილი.
ყოფილი პრემიერი „ნაციონალური მოძრაობის“ სამომსავლო გეგმებზე საუბრობს და აცხადებს: „გარდა იმისა, რომ ხელისუფლების კონსტრუქციულ კრიტიკას გავაგრძელებთ, რეაგირებას მოვახდენთ ყველა უკანონო დაკავებაზე. თუ იქნება "რუსთავი 2"-ში შეღწევის მცდელობა და ამისათვის ქიბარ ხალვაშს თუ დვალს გამოიყენებენ, საზოგადოებას ამ ტელეკომპანიის დაცვისკენ მოვუწოდებთ. თუ შეეცდებიან "საზოგადოებრივი მაუწყებლის" გაკონტროლებას, შევქმნით დიდ სახალხო კოალიციას და ხელისუფლებას ამის გაკეთების საშუალებას არ მივცემთ“.
ვანო მერაბიშვილის თქმით, „ნაციონალები“ უსამართლობის წინააღმდეგ იწყებენ ბრძოლას. „ენერგიას, რომელიც უნდა მიგვემართა კონსტრუქციული საპარლამენტო ურთიერთობისთვის, მივმართავთ უსამართლობასთან ბრძოლისკენ. ჩვენ სხვა რეჟიმზე გვიწევს გადასვლა, რადგან ამის გაკეთებას გვაიძულებენ“, - აცხადებს „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივანი.