შსს-მ დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო
აჭარის მთავარი სამმართველოს უბნის ინსპექტორების სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვა-გასაღების და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შენახვის ფაქტებზე, ბათუმში მცხოვრები მამუკა ბ. დააკავეს.
ამ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
სამართალდამცველებისთვის ცნობილი გახდა, რომ დაკავებული საკუთარ სახლში, დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალებას ინახავდა და დაუდგენელი პირისთვის მისი ნაწილის გადაცემას აპირებდა. მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, 1891 აბი ნარკოტიკული საშუალების შემცველი პრეპარატი „კოდეტერპი" , ორლულიანი გადაჭრილი თოფი და 18 ვაზნა ამოიღეს.
ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ამოღებული აბები 15,128 გრამ ნარკოტიკულ საშუალება „კოდეინს" შეიცავს. ექსპერტიზამ ასევე დაადგინა, რომ მამუკა ბ-ს სახლიდან ამოღებული ცეცხლსასროლი იარაღი სროლისთვის ვარგისია.
გაირკვა, რომ ბრალდებული წარსულში ასევე ნარკოდანაშაულისთვისაა ნასამართლევი. ამჟამად, მას ბრალი 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა" ქვეპუნქტითა და 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარედგინა. მამუკა ბ-ს წინასწარი პატიმრობა უკვე შეეფარდა.