დაკავებებზე არარსებული საერთაშორისო მონიტორინგი განხორციელდება?!
პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, მისი გუნდის სურვილია, დაკავებებზე საერთაშორისო ექსპერტებმა მონიტორინგი განახორციელონ.
როგორც მან დღევანდელ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, ახალი მთავრობის უდიდესი სურვილი საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობაა.
„ეს არის უდიდესი სურვილი ჩვენი გუნდისა, მაგრამ ფორმებთან დაკავშირებით პრობლემები არსებობს. ის პრაქტიკა, რაც მსოფლიოში არ არსებობს, ძნელია, რომ საქართველოში გამოიყენო. ეს ხელს ყველაზე მეტად გვიშლის“, - განაცხადა ივანიშვილმა.
მისი თქმით, დიდი სურვილის მიუხედავად, მინიტორინგის პრაქტიკა და საშუალება ძალიან მცირეა.
ამასთან, პრემიერმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე ბუნებრივი აირის გაიაფებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ აზერბაიჯანი საქართველოზე ბუნებრივ აირს „ძალიან კარგ ფასში“ ყიდის.
აზერბაიჯანელი ჟურნალისტი დაინტერესდა, რომ იმ ფონზე, როდესაც გაზს საქართველოსა და აზერბაიჯანში დაახლოებით, ერთი ფასი აქვს, რა ფორმით შეიძლება მოხდეს ფასის დაწევა.
პრემიერმა განაცხადა, რომ ეს აზერბაიჯანისა და საქართველოს მეგობრული და კომერციული ურთიერთობების შედეგია.
„თუმცა, რაღაც ასპექტში მაინც განვიხილავთ ფასის კიდევ კორექტირებას. არა პრინციპულს და რა თქმა უნდა, აქ დიდი თადარიგი აღარ გვაქვს იმის, რომ ბევრად გაიაფდეს. თუ საერთოდ მოვახერხებთ, შეიძლება სიმბოლურად გაიაფდეს და ეს დაკავშირებული იყოს აზერბაიჯანში ვიზიტთან“, - განაცხადა ივანიშვილმა.
მისი თქმით, ტარიფის დაკლებასთან დაკავშირებული საკითხები საზოგადოებისთვის გამჭვირვალე იქნება, რადგან ბუნებრივ აირზე ფასის დაწევა დღემდე რომ ვერ მოხერხდა ამას სხვადასხვა მიზეზები აქვს, „თან რთული“.