ხელისუფლებამ კათოლიკეებს შობა მიულოცა!

ხელისუფლებამ კათოლიკეებს შობა მიულოცა!

წუხელ კათოლიკირმა სამყარომ შობა იზეიმა. თბილისის  კათოლიკურ ეკლესიაში კათოლიკეები შობის შესახვედრად შეიკრიბნენ. საზეიმო წირვა ჯუზეპე პაზოტიმ ჩაატარა.


ეკლესიაში შეკრებილ კათოლიკეებს  შობა  მიულოცეს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა, თბილისის მერმა გიგი უგულავამ და პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა  ვანო მერაბიშვილმა.


ტაძარში მყოფებს   თეა წულუკიანმა ახალი ხელისუფლების სახელით   შობა მიულოცადა განაცხადა, რომ აღმსარებლობის თავისუფლება ახალი მთავრობის  პირობებში ხელშეუხებელი იქნება.


“შობა არის სიყვარულის, შერიგების, მიტევების დღესასწაული”, – განაცხადა წულუკიანმა.


თბილისის მერმა კი აღნიშნა, რომ რელიგიური თავისუფლება  არის პრინციპი, რომელსაც  ეფუძნებოდა და დაეფუძნება  საქართველო.


“ჩვენი ქრისტიანობა იწყება შობიდან, მიუხედავად იმისა, თუ კალენდარულად როდის აღინიშნება ის, ჩვენ ყოველთვის ვართ  ამ დღის თანამონაწილეები”, -  განაცხადა გიგი უგულავამ.


კათოლიკეებს შობის დღესასწაული საქართველოს პრეზიდენტმაც მიულოცა. მიხეილ სააკაშვილმა მილოცვა „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა:


„დღეს მნიშვნელოვანი დღეა მთელი კათოლიკური სამყაროსთვის - ქრისტეშობის ბრწყინვალე დღესასწაულს გილოცავთ ყველას, განსაკუთრებით კი ქართველ კათოლიკეებს. ბედნიერებასა და სიხარულს გისურვებთ, კეთილდღეობა არ მოკლებოდეს თქვენს ოჯახებსა და სრულიად საქართველოს. საქართველო მრავალი აღმსარებლობის წარმომადგენელთა სამშობლოა და თითოეულ მათგანს ერთი რამ აერთიანებს - ამ ქვეყნის სიყვარული. ერთად ვილოცოთ მისი წინსვლისა და კეთილდღეობისათვის. კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ დიდ დღესასწაულს, ღვთის მადლი არ მოგკლებოდეთ თქვენ და თქვენს ოჯახებს", - ნათქვამია პრეზიდენტის მილოცვაში.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: