არჩილ კბილაშვილი: ადეიშვილის ბრალეულობა უკვე დადგენილია
მთავარი პროკურორის არჩილ კბილაშვილის განცხადებით, იუსტიციის ყოფილი მინისტრ ზურაბ ადეიშვილის ბრალეულობის შესახებ დადგენილება, პრაქტიკულად, მომზადებულია.
როგორც კბილაშვილმა ჟურნალისტებთან დღევანდელ შეხვედრაზე განაცხადა, ადეიშვილი ბრალეულობა ციხის ინციდენტთან იკვეთება.
"ადეიშვილის ბრალეულობის შესახებ დადგენილება პრაქტიკულად მომზადებულია, ის დახვეწის სტადიაშია და დღეს თუ არა ხვალ, სასამართლოს წარედგინება", - განმარტა კბილაშვილმა.
რაც შეეხება უშუალოდ ციხის სკანდალთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიებას, მთავარი პროკურორის განმარტებით, გამოძიება ინტენსიურად მიმდინარეობს და ყველა დეტალი გულდასმით მოწმდება.
პროკურორის ინფორმაციით, ციხის სკანდალის საქმის გამოძიების ფარგლებში უკვე ჩატარდა გავრცელებული ვიდეომასალების ექსპერტიზა.
"როგორც ვიცი, ვიდეომასალების ექსპერტიზა უკვე ჩატარებულია, მათ შორის იქ მყოფ პირთა იდენტიფიცირების მიზნით. რაც შეეხება უშუალოდ ე.წ. ცოცხის კადრს, მონტაჟის კვალი არ ჩანს", - დასძინა მთავარმა პროკურორმა.