ნუ წაგვართმევთ პარლამენტს!
ქუთაისში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები პარლამენტს ღია წერილით მიმართავენ.
"ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, არასამთავრობოები ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს ქუთაისიდან თბილისში შესაძლო გადატანას აპროტესტებენ.
„ივერიონი“ აღნიშნულ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
"პატივცემულო დეპუტატებო, მიგვაჩნია, რომ საქართველოს სიდიდითა და მნიშვნელობით მეორე ქალაქი გაგებით ვერ მოეკიდება და მხარს ვერ დაუჭერს პარლამენტის ქუთაისიდან გადატანის ინიციატივას, ვერ დაირცხვენს იმის გამო, რომ ხალხის რჩეულთა 24-საათიანი წყალმომარაგება ვერ უზრუნველყო. მიგვაჩნია, რომ საქართველოს მოსახლეობამ იმიტომ აგირჩიათ - პრობლემები გადაჭრათ და არა იმიტომ, რომ პრობლემებს გაექცეთ.
მოგიწოდებთ, არ შეცვალოთ კონსტიტუცია კიდევ ერთხელ, არ წაართვათ ქუთაისსა და რეგიონის მოსახლეობას პოლიტიკურ პროცესებში მეტი ჩართულობის განცდა. დაუტოვეთ შანსი, მიიღონ თქვენი სიახლოვით გამოწვეული ეკონომიკური ეფექტი და, რაც მთავარია, არ აფიქრებინოთ, თითქოსდა 3500 წლოვანი ისტორიის ქალაქს თქვენს ღირსად არ თვლიდეთ. ნუ წაგვართმევთ პარლამენტს!", - აღნიშნულია ღია წერილში, რომელიც პარელამენტს დღეს გაეგზავნა.
მიმართვას ხელს ქუთაისში მოქმედი 45 არასამთავრობო და მედია ორგანიზაცია აწერს.